სუსში დაწყებული გამოძიების ფარგლებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში ისტორიკოსისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გუბაზ სანიკიძე მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოიკითხა.

"შეკითხვები ჰქონდათ ჩემს გამოსვლასთან დაკავშირებით, არ დავმალავ, მეც მქონდა მათთან შეკითხვები. მე ყველა შეკითხვას გავეცი პასუხი, მათ ჩემს შეკითხვებს პასუხი ვერ გასცეს", - განაცხადა სანიკიძემ. 

გუბაზ სანიკიძის ადვოკატის ბექა ბასილაიას თქმით, გამოკითხვის დეტალებზე ვერ ისაუბრებს, თუმცა, მისი განცხადებით, სანიკიძემ სუსის გამომძიებლებს მის მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებაზე ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა.

"გუბაზის სატელევიზიო ეთერთან დაკავშირებით იყო დაკითხვა, ეს ყველამ კარგად იცის. რაც შეეხება უშუალოდ კითხვებს, შეგიძლიათ სახელმწიფო უწყებებს ჰკითხოთ მათი კითხვების თაობაზე, თუ უნდათ, საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია, დაე, თვითონ მიაწოდონ, მე რატომ უნდა გავცე პასუხად ის, რასაც სუსი კითხვებად სვამს. რაც შეეხება გუბაზის სატელევიზიო ეთერს, ამ ეთერთან დაკავშირებით მან დეტალურად ისაუბრა და სახელმწიფოებრივად საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა. იმ სკოლასთან [ტერორიზმის სკოლა] დაკავშირებით ინტერნეტი გადაჭრელებულია ინფორმაციებით, ოღონდ არაქართული წყაროები, ნებისმიერ საერთაშორისო ვებგვერდზე, როგორც დასავლურზე, ასევე აღმოსავლურზე, შეგიძლიათ ნახოთ უამრავი ინფორმაცია, რაც იმ განცხადებებს ადასტურებს, რაზეც სატელევიზიო ეთერებში ისაუბრა. ეს იყო შეშფოთებული მოქალაქის, ამ ქვეყნის გულშემატკივარი ადამიანის ეთერი“, - განაცხადა ბასილაიამ.

გუბაზ სანიკიძის გარდა, გამოკითხვაზე დაბარებული არიან თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი და „საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ წევრი გიორგი კანდელაკი. ორივე მათგანი მაგისტრანტი მოსამართლის წინაშე გამოიკითხებიან. სუსში გამოკითხვაზეა დაბარებული გივი თარგამაძეც.

გამოკითხვაზე დაბარებულებთან სუსს კითხვები სავარაუდოდ, მათ მიერ საჯაროდ გაკეთებულ განცხადებებზე ექნებათ, რომელიც „საქართველოში ირანის გავლენების გაზრდას ეხებოდა“.