მიუხედავად "ქართული ოცნების" ანტიუკრაინული და პროპაგანდისტული პოზიციისა, მიუხედავად სამარცხვინო გამონათქვამებისა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკრაინელ ხალხს ადგილზე ჰყავდეს დიპლომატიური წარმომადგენელი, -  ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინელ მოქალაქეებს სჭირდებათ დაცვა.

“უკრაინელ მოქალაქეებს სჭირდებათ დაცვა, ამიტომ, ელჩის არსებობა, რომელსაც საკონსულო გამოცდილება აქვს, მნიშვნელოვანია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტში ამერიკელების ინტერესები, რომელსაც, რა თქმა უნდა, სჭირდება შესაბამისი უკრაინული პოზიცია და ეს, პირველ რიგში, უნდა იყოს ელჩის პოზიცია, ელჩმა უნდა დაიცვას.

მიუხედავად "ქართული ოცნების" ანტიუკრაინული და პროპაგანდისტული პოზიციისა, მიუხედავად სამარცხვინო გამონათქვამებისა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკრაინელ ხალხს ადგილზე ჰყავდეს დიპლომატიური წარმომადგენელი და ასევე, ჩვენი მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებმაც იურთიერთონ უკრაინის ელჩთან", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოში უკრაინის ახალი ელჩის დანიშვნის შესახებ განკარგულებას ხელი 26 იანვარს მოაწერა. პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, ამ თანამდებობას მიხაილო ბროდოვიჩი დაიკავებს.