"ნაციონალური მოძრაობა" და "სტრატეგია აღმაშენებელი" "ქართულ ოცნებას" მიმართავენ, "პროვოკაციებისა და სხვა გართულებების თავიდან აცილების მიზნით" ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენა გადადოს.

"მივმართავთ "ქართულ ოცნებას", პროვოკაციებისა და სხვა გართულებების თავიდან აცილების მიზნით მიგვაჩნია, რომ აუცილებელია ხვალინდელი საკომიტეტო მოსმენის გადადება. ჩვენ მზად ვართ, სხვა ნებისმიერ დღესაც დავესწროთ კომიტეტის სხდომას.

ხვალ, 29 აპრილს საკომიტეტო მოსმენის დანიშვნა მაშინ, როცა ყველამ იცის, რომ ეს პროცესი იწვევს ბუნებრივ პროტესტს, არის პროვოკაცია ხელისუფლების მხრიდან, მით უმეტეს, როდესაც თვითონ "ქართულ ოცნებას"
იძულებით ჩამოჰყავს საჯარო მოხელეები და დაანონსებული აქვთ კონტრაქცია.

თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს ამ გონივრულ რჩევას და არ გადადებს საკომიტეტო მოსმენას, ყველა გართულებაზე და მის შედეგზე პასუხისმგებლობა დაეკისრება ქართულ ოცნებას", - აღნიშნულია განცხადებაში.

ხვალ, 29 აპრილს ქართული ოცნება კონტრაქციას გამართავს, დილიდან კი პარლამენტში რუსული კანონის მეორე მოსმენით განხილვას იწყებს.