“არც თინა ბოკუჩავას, არც ლევან ხაბეიშვილს არ უთქვამთ, რომ გინდა თუ არა 4 ოქტომბერს მოხდება მშვიდობიანი რევოლუცია. ბევრს მოუნდა, მათ შორის რუსულ პროპაგანდასაც, რომ ეს გაესაღებინა თითქოს “ნაციონალურ მოძრაობაში” ან ჩამოუყალიბებლობაა, ან უფრო მეტი შეუთანხმებლობაა ან დაპირისპირებაა და ეს ასე არ არის”, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი ბარამიძემ განაცხადა.

“მოღალატეთა და კრიმინალთა რეჟიმის პროპაგანდა ცდილობს, რომ მშვიდობიანი რევოლუცია გააიგივოს სახელმწიფო ძალადობრივ გადატრიალებასთან, ეს ორი სხვადასხვა რაღაც არის. მშვიდობიანი რევოლუცია არის საქართველოს კონსტიტუციის ჩარჩოებში და ეს არის ხალხის უფლება, რაც შეეხება როდის მოხდება ესა თუ ის აქცია, როდის გამოვა ხალხი გარეთ და საბოლოო ჯამში როდის ჩამოიშლება ეს ლპობადი მოღალატეთა და კრიმინალთა მაფიოზური ბანდა ეს ჩვენ არ ვიცით, ეს შეიძლება იყოს 4 ოქტომბრამდე, 4 ოქტომბერს, როდესაც ისინი ატარებენ რუსულ სპეცოპერაციას, შეიძლება იყოს იმის შემდეგ, არასდროს არცერთ ჩვენს წევრს, არც თინა ბოკუჩავას, არც ლევან ხაბეიშვილს არ უთქვამთ, რომ გინდა თუ არა 4 ოქტომბერს მოხდება. გვინდა თუ არა, რომ მოხდეს? რა თქმა უნდა, გვინდა, მაგრამ წინასწარ არავინ არ ვიცით ეს როდის მოხდება, შესაძლებელია ეს მოღალატეთა ბანდა, რომელიც თავიანთ წევრებს თავს აკვლევინებს, რომელიც გახრწნილია საერთოდ, მანამდე ჩამოიშალოს, რადგან თავიდან ბოლომდე შიგნიდან არის გამომპალი.

ჩვენი ბრძოლა ყოველთვის გაგრძელდება, ახლა 2 აგვისტოს არის საერთო სახალხო აქცია დაგეგმილი ბათუმში, შემდეგ შეიძლება იყოს საქართველოზე ფართომასშტაბიანი თავდასხმის რუსეთის მხრიდან, გამოვალთ ქუჩაში, პატივს მივაგებთ ჩვენი გმირების ხსოვნას, მაგრამ ამავდროულად გავაპროტესტებთ ამ ქვეყანაში რუსული რეჟიმის პარპაშს, იმ რუსეთისა, რომელმაც 2008 წელს ვერ გატეხა საქართველო, მაგრამ 2012 წელს რუსული ფსიქოლოგიურ-საინფორმაციო სპეცოპერაციით მოახერხა თავისი მეხუთე კოლონის ხელისუფლებაში მოყვანა და იმის შემდეგ ჩვენ ვხედავთ როგორი მოღალატური პოლიტიკა აქვს ივანიშვილის ბანდას და როგორ აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ საქართველო მოექცეს სრულ იზოლაციაში და არ გახდეს ევროკავშირის და ნატოს წევრი ქვეყანა.

ჩვენ წინასწარ არცერთი თარიღის მეტყველება არ შეგვიძლია, თუმცა გვინდა, რომ ხვალაც ჩამოიშალოს ეს რეჟიმი, 4 ოქტომბერს, მანამდე თუ იმის შემდგომ, ზუსტად ეს არავინ არ იცის, ამაზე ისაუბრა თინა ბოკუჩავამაც და ბევრს მოუნდა, მათ შორის რუსულ პროპაგანდასაც, რომ ეს გაესაღებინა თითქოს “ნაციონალურ მოძრაობაში” ან ჩამოუყალიბებლობაა, ან უფრო მეტი შეუთანხმებლობაა ან დაპირისპირებაა და ეს ასე არ არის, არავის კონკრეტული თარიღი რევოლუციის არ უხსენებია, არც პაატა ბურჭულაძის მოძრაობას, რომელსაც მხარს ვუჭერთ ჩვენ და ჩართულები ვართ. შესაბამისად, ეს ყველაფერი არის აგორებული, რომ გადაიტანონ ყურადღება ამ რეჟიმის ბრძოლიდან სხვა არ არსებულ თემებზე“, - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.