სამარცხვინო რეზოლუციით ევროპარლამენტის დეპუტატები ასევე მოგვიწოდებენ, უარი ვთქვათ გამჭვირვალობის კანონზე. მათი სურვილია, ჩვენ ქვეყანაში ფარულად შემოედინებოდეს შავი ფული, რომელიც შემდეგ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ დესტრუქციულ ქმედებებს ხმარდება, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"პარადოქსია, მაგრამ ამ ჩანაწერით რეზოლუციის მხარდამჭერი დეპუტატები დგანან გაუმჭვირვალობის, სიბნელის მხარეს. თან ეს იმ ფონზე, როდესაც უახლოეს პერიოდში თავად ევროკავშირი მიიღებს ბევრად უფრო მძიმე კანონს უცხოური დაფინანსების შესახებ. რეზოლუციაში ამ ჩანაწერით პირდაპირ გვითხრეს, რომ გვეკრძალება ჩვენ ის, რასაც თავად აკეთებენ.

რაც შეეხება საკითხს რეზოლუციაში „ვიზალიბერალიზაციის გადახედვასთან“ დაკავშირებით - ეს აბსურდული ჩანაწერი გაკეთდა მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნისთვის, როგორმე მოსახლეობაში გამოიწვიონ აჟიოტაჟი, დააბნიონ საზოგადოება, რათა  შემდეგ გაამძაფრონ საპროტესტო მუხტი. ამის ნათელი მაგალითია რადიკალური ოპოზიციის დღევანდელი ქმედება - რეზოლუციის გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში გაკოტრებული პოლიტიკოსები ერთმანეთის მიყოლებით დალაგდნენ კამერებთან და ხალხის მოტყუებას ცდილობენ, თითქოს უვიზო მიმოსვლას გვიუქმებენ. საზოგადოებას მინდა მივმართო, არ მოტყუვდეთ მეგობრებო, არავინ შეგიყვანოთ შეცდომაში. მინდა იცოდეთ, რომ  ამის მექანიზმი არ არსებობს. ვიზალიბერალიზაციის არათუ გაუქმებას, არამედ ამ პროცესის წამოწყებას ევროკავშირის წევრი 27 წევრი ქვეყნის თანხმობა სჭირდება. საბედნიეროდ, ევროპულ ბიუროკრატიაში ჯერ კიდევ არიან ჯანსაღი პოლიტიკური ძალები, რომლებიც მსგავს სამარცხვინო ნაბიჯს ბიძგს არ მისცემენ.

სამწუხაროდ, დღეს ევროპულ სტრუქტურებში ფეხი აქვს გადგმული ლობიზმს და მანკიერ ურთიერთობებს. მსგავსი სამარცხვინო რეზოლუციები პირველ რიგში სწორედ ევროპულ ინსტიტუციებს აყენებს შეურაცხყოფას და აზიანებს მათ რეპუტაციას. დიახ, ჩვენ გვჭირდება ევროპა, თუმცა არანაკლებ ვჭირდებით ევროპას, რამეთუ გვაქვს დიდი გამოცდილება აგენტოკრატიასთან ბრძოლაში. უახლოეს წარსულში ჩვენ გავათავისუფლეთ ქვეყანა გარე ძალებისგან მართული მარიონეტებისგან და ასევე დავეხმარებით ჩვენს ევროპელ კოლეგებს, რომ მათაც მოახერხონ და თავი დააღწიონ აგენტურის მმართველობას, რომლებიც აუფასურებენ ევროპულ სტრუქტურებს და ევროპულ იდეას. ჩვენი ხელისუფლებისთვის პრიორიტეტი არის საქართველოს სუვერენიტეტი, მშვიდობა ჩვენს ქვეყანაში და ზრუნვა თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე. საქართველო უპირველეს ყოვლისა!" - განაცხადა კალაძემ.