სირცხვილი "ქართულ ოცნებას“, რომელიც ცდილობს საქართველო ბელარუსად აქციოს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, რეპრესიები უნდა დასრულდეს.

"ახლახან ევროპარლამენტმა მზია ამაღლობელს, ანდჟეი პოჩობუტთან ერთად, სახაროვის პრემია მიანიჭა. სირცხვილი „ქართულ ოცნებას“, რომელიც ცდილობს საქართველო ბელარუსად აქციოს. მზია და ყველა პოლიტიკური პატიმარი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. რეპრესიები უნდა დასრულდეს“, - წერს ნატალი ლუაზო. 

"ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, პატიმრობაში მყოფ ჟურნალისტს მზია ამაღლობელს ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო, სახაროვის პრემია გადაეცა. მასთან ერთად პრემია ბელარუსმა ჟურნალისტმა ანდჟეი პაჩობუტმა მიიღო.

სახაროვის პრემია აზრის თავისუფლებისთვის ევროკავშირის უმაღლესი ჯილდოა ადამიანის უფლებების დარგში. პარლამენტი მას ყოველწლიურად 1988 წლიდან ანიჭებს ფიზიკურ პირებს, ჯგუფებს ან ორგანიზაციებს ადამიანის უფლებების, გამოხატვის თავისუფლების ან დემოკრატიული ღირებულებების დაცვისადმი მათი გამორჩეული ერთგულებისთვის.