"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ შესაძლოა, "ოცნებამ" ეუთოს რეკომენდაციების შესასრულებლად "ვიღაცები დაიჭიროს".

გვარამია არ გამორიცხავს, რომ ერთ-ერთი ვინც შეიძლება დაიჭირონ, სპეცრაზმის ყოფილი შეფი ზვიად ხარაზიშვილია (ხარება).

"ჩვენ ვხედავთ, რომ "ოცნება" ნელ-ნელა ბარტყების გადმოგდებას იწყებს. მცირე ბარტყებით დაიწყო - დებატებით, რომელიც საბოლოო ჯამში დებატებიც არ არის. ახლა ვიღაცებს დაიჭერენ ამ რეკომენდაციების გამო, მე ასე მგონია. რამდენიმე საქმეს აღძრავენ ამ დარბევებზე, წამებებზე და დაიწყებენ ქვემოდან, მაგრამ ნელ-ნელა ზემოთ ავლენ. თვითონ შეიძლება გვითხრან, რომ გამოიძიეს და მაგალითად "ხარება" წამებაში მონაწილეობდა და დაიჭირონ. ჩვენ კარგად ვიცით, ეს როგორ და სად წყდებოდა. ამ კითხვებზე პასუხები არ გვეჩქარება, ისედაც ვიცით და შემდეგი ხელისუფლება პასუხისმგებლობას დააყენებს. მთავარი, რაც კობახიძემ უნდა გააკეთოს, არალეგიტიმური ხელისუფლება საკუთარი ჩათვლით მოშორდეს ამ ქვეყანას და ჩაინიშნოს დემოკრატიული არჩევნები", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ირაკლი კობახიძემ დღეს განაცხადა, რომ "მოსკოვის მექანიზმის" დასკვნაში არის რეკომენდაციები, რომელიც გასათვალისწინებელია.