მედიის კანონში ცვლილებები ონლაინმედიასაც შეეხება - “მაუწყებლობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები კორექტირდება. 

არჩილ გორდულაძემ დღეს კომიტეტზე განაცხადა, რომ კანონპროექტს დაემატება ჩანაწერი ონლაინმედიების რეგულირების შესახებაც.

"პროექტის პირველი მოსმენით განხილვისას იყო გუნდის შეთანხმება, რომ ონლაინ მედიაზეც გავრცელდეს ქცევის ის სტანდარტები, რაც ზოგადად, მაუწყებლებისთვის არის გათვალისწინებული. იხვეწება და ვითარდება ტექნოლოგიები, ინფორმაციის გავრცელების სხვა საშუალებები და ამ ყველაფერზე საკანონმდებლო რეგულაციები უნდა არსებობდეს.

ეს ყველაფერი ფიზიკურ პირებზე არ გავრცელდება. აქ ის ორგანიზაციები იგულისხმება, რომელიც საკუთარ თავს მედიას უწოდებს, მაგრამ არ ოპერირებენ როგორც მაუწყებლები, მათი ინფორმაციის გავრცელების საშუალება ტელევიზია არ არის და ინფორმაციის გასავრცელებლად იყენებენ როგორ საიტებს, ასევე სხვა აპლიკაციებს და აქვთ სტრუქტურიზებული ფორმა“, - აცხადებს გორდულაძე.

მისივე თქმით, კანონპროექტით განიმარტება თუ რა არის ინტერნეტმომსახურება და ინტერნეტმომსახურების ცნების განმარტებისას გამოყენებული იქნება შემდეგი დეფინიცია: - ინტერნეტმომსახურების მიმწოდებლის მიერ მასობრივი ინფორმაციის საქართველოს სახელმწიფო ენაზე ინტერნეტსაშუალებისთვის განკუთვნილი ინტერნეტდომენის ან ინტერნეტჰოსტინგის საშუალებით, ასევე თავის აპლიკაციაში ან მესამე პირის ინფორმაციის გაზიარების პლატფორმაზე, მათ შორის სოციალურ ქსელში ინფორმაციის განთავსება.