ბიზნესმენ გიორგი ჩიკვაიძის თქმით, ტელეფონში საუბრისას სპეციალურად აღნიშნა, რომ სახლის კარი არ ჰქონდა ჩაკეტილი და სახლის უკანა კამერები გათიშული იყო, რის შემდეგაც, 15-20 წუთში უცნობი პირები მის სახლში შევიდნენ.

ბიზნესმენი მათ მანქანით აედევნა და ჰკითხა, თუ რას აკეთებდნენ მის სახლში, თუმცა მათ სახე დაიფარეს და ტერიტორია დატოვეს.

"მოკლედ, ბოლო 24 საათის ამბები იცით, მაგრამ რაც ახლა ხდება ყოველგვარ ზღვარს გასცდა, მათი ქმედებებიდან გამომდინარე ვხვდები, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ თვალთვალს არ ემსახურება ისინი რაღაცას გეგმავენ და ეძებენ. ახლახან, ვიცით რა რომ გვისმენენ, მოვატყუეთ და გვქონდა სატელეფონო საუბარი ერთმანეთში, რომ თითქოს სახლიდან გამოვედი კარი არ დამიკეტავს, რადგან ვერ ვიპოვე გასაღები და იმავე საუბარში აღვნიშნე, რომ სახლის უკანა მხარეს კამერები გათიშულია და ამაზე ძალზე ვნერვიულობდი, ეს გოიმები ამას წამოეგნენ და დაახლოებით 15-20 წუთში სახლში შემოვიდნენ, რა დროსაც ჩვენ თავზე დავადექით. ისინი ყაჩაღებივით გაიქცნენ, ავედევნეთ და დანარჩენი თავად ნახეთ ამ ვიდეოში.

ეს ადამიანები ჩემთვის არიან რიგითი დამნაშავეები, რადგან უკანონოდ კვეთენ ჩემი სახლის ტერიტორიას და მე არ ვიცი ისინი ვინ არიან", - წერს გიორგი ჩიკვაიძე.