დედაქალაქის მერი კახა კალაძე ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ბოლო განცხადებას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონმდებლობა შთაგონებულია არა რუსეთიდან, არამედ ამერიკის კანონმდებლობიდან.

"აღნიშნული კანონი შთაგონებულია ამერიკიდან, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორიდან. ჩვენ მივესალმებით FARA-ს კანონს, რომლის საშუალებითაც ბევრი სიბინძურე გახდა ცნობილი საქართველოში, თუ რომელი ევროპარლამენტარი რა ლობიზმით მოქმედებს, რეზოლუციებს რა ლობიზმით იღებენ. მადლობა აშშ-ს, რომ მოქმედებს აღნიშნული კანონი და ბევრი რამ გახდა ცნობილი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისთვის. ასევე ბევრი იქნება ცნობილი, როდესაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით შევა ძალაში და გაიგებს საქართველოს მოსახლეობა, ვინ არის ამ ქვეყნის მოყვარე და ვინ - მტერი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მანვე უპასუხა მედიის შეკითხვას „გამჭვირვალობის“ კანონპროექტის ამერიკულ FARA-სთან შედარების შესახებ და აღნიშნა, რომ ქართული კანონპროექტი ვერ იქნება ამერიკულის ანალოგი.

"რა თქმა უნდა, ეს არ არის ანალოგი. ჩვენ ანალოგები და კოპირებები არ გვჭირდება. ეს არის ქართული კანონი. ჩვენ ვმოქმედებთ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე და ვერ ნახავთ ვერცერთ ჩვენ მიერ გადადგმულ ნაბიჯს, რაც ხელისუფლებაში ვართ, რომელიც ქვეყნის ინტერესს ეწინააღმდეგება“, - განაცხადა კახა კალაძემ.