ივანიშვილი გააუქმებს თუ არა პარტიას, სარჩელს შეიტანს და დამოკლეს მახვილივით ამას ჩამოჰკიდებს კონკრეტულ პოლიტიკოსებზე თუ პარტიებზე, ამას ჩვენ ამხელა მნიშვნელობა არ უნდა მივცეთ, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

"დიქტატურა ფორმდება ჩვენს ქვეყანაში და ამაზე საერთაშორისო პარტნიორები ღიად საუბრობენ, მაგრამ ჩვენ ქვეყნის შიგნით თუ არ დავლაგდით, კიდევ უფრო გაიწელება იმ წნეხის ინსტრუმენტების ამოქმედება, როგორიც არის მძლავრი და ეფექტიანი სანქციები ივანიშვილისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ. ივანიშვილი გააუქმებს თუ არა პარტიას, სარჩელს შეიტანს და დამოკლეს მახვილივით ამას ჩამოჰკიდებს კონკრეტულ პოლიტიკოსებზე თუ პარტიებზე, ამას ჩვენ ამხელა მნიშვნელობა არ უნდა მივცეთ, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ.

მე ვფიქრობ, რომ ერთი რამ ნათელია - რუსული სპეცოპერაცია, რადაც ჩვენ მოვიხსენიებთ 4 ოქტომბრის ე.წ. არჩევნებს, ასევე ის მოიცავდა ძალიან კონკრეტულ და მიზანმიმართულ ერთგვარ ხაფანგს და სატყუარას, რომელშიც, დარწმუნებული ვარ, რომ მონაწილეობდნენ რუსული ოცნების ყოფილი ან ახლანდელი წევრები.

4 ოქტომბრის ე.წ. მშვიდობიანი დამხობის ორგანიზატორები ღიად საუბრობდნენ ხოლმე, რომ იქნებოდა მოულოდნელობებზე - "სიურპრიზებზე", იმაზე, რომ იქნებოდა ბევრი კომპრომატების გასაჯაროება და ასე შემდეგ. მე ბატონ პაატა ბურჭულაძეს ვთხოვე მოსვლა პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე, რომ გაესაჯაროებინა მეტი კონკრეტიკა გეგმებთან ან კავშირებთან დაკავშირებით, რაც მათ ჰქონდათ იმისთვის, რომ ჩვენ უფრო სრულფასოვანი აზრი შეგვქმნოდა იმასთან დაკავშირებით თუ როგორ შეიძლებოდა მოვლენების განვითარება, მაგრამ სამწუხაროდ, ასეთი ინფორმაცია ვერ მივიღეთ", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.