სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს ყველა ადამიანის, არა მარტო კომპანიის თანამშრომლების, არამედ ყველა საჯარო მოხელის, რომელიც მონაწილეობდა ამ ტენდერის გამოცხადებიდან ფულის გადარიცხვამდე, - ამის შესახებ კორუფციის მკვლევარმა ბესიკ დონაძემ განაცხადა. 

მისივე თქმით, თანამშრომელმა, რომელმაც იცოდა, რომ გაყალბებულ საბუთს აწერდა ხელს, გულგრილობა გამოიჩინა საქმის მიმართ, რის გამოც პასუხი უნდა აგოს. 

"წარმოიდგინეთ, რომ გზების დეპარტამენტის თანამშრომელი ნამყოფიც კი არ არის იმ ობიექტზე, თორემ სხვა შემთხვევაში, ხელს არ მოაწერდა. მაგრამ თუ ნამყოფი არ არის და თან ხელი მოაწერა, ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანს გულგრილი დამოკიდებულება ჰქონდა საკუთარი საქმიანობისა და თანამდებობის მიმართ და თუ გულგრილი დამოკიდებულებაც არ ჰქონდათ, მაშინ ე.ი. იცოდა რასაც აკეთებდა, იცოდა, რომ გაყალბებული დოკუმენტაცია იყო და ამაზე გააზრებულად აწერდა ხელს. ყველა შემთხვევაში, სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს ყველა ადამიანის, არა მარტო კომპანიის თანამშრომლების, რამედ ყველა საჯარო მოხელის, რომელიც მონაწილეობდა ამ ტენდერის გამოცხადებიდან ფულის გადარიცხვამდე, სრული რგოლი, მათ შორის დაწყებული სპეციალისტებით და დასრულებული გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელობითა და მინისტრით", - განაცხადა ბესიკ დონაძემ.

ქრთამის აღებისა და ყალბი დოკუმენტების დამზადებისთვის დაკავებულებს, რომლებიც გზების ინფრასტრუქტურაში კორუფციასთან არიან დაკავშირებული, გირაოს შეფარდებაზე მოსამართლემ უარი განუცხადა. საქმე მარნეული-ლომთაგორა-ალგეთის 15-კილომეტრიან გზატკეცილს ეხება, რომელიც ექსპლუატაციაში ვერ შევიდა.