მე მინდა ოფიციალურად დავასახელო მზია ამაღლობელი 2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემიის კანდიდატად. თავის დროზე ჰილარი კლინტონმა და ჯონ მაკკეინმა წარმადგინეს ნობელის პრემიაზე. ახლა ჩემი დროა, ეს ღირსეული ქართველი წარვადგინო, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

"საქმე იმაშია, რომ მე შევნიშნე მზია ამაღლობელის ხელში ფილიპინელი ჟურნალისტის მარია რესას წიგნი "როგორ დავამარცხოთ დიქტატორი." რესა 2021 წელს ნობელიანტი გახდა, თუმცა უნდა ვთქვათ სიმართლე მარია რესას არ უცხოვრია ნამდვილი დიქტატურის პირობებში.

ფილიპინებში ბოლო ნამდვილი დიქტატორი იყო ფერდინანდ მარკოსი, მაშინ როცა რესა ძალიან პატარა იყო. მარკოსი იყო სუპერ კორუმპირებული, ძალიან ბრუტალური, მასობრივად ყრიდა ციხეში ოპონენტებს. მან ფილიპინების ოპოზიციის ლიდერი ბენინიო აკინო მოკლა, მას შემდეგ რაც ეს უკანასკნელი მიუხედავად მუქარებისა დაბრუნდა ფილიპინებში. ხალხი აჯანყდა და მიუხედავად იმისა რომ მარკოსს მაშინდელი ამერიკის ადმინისტრაციის დიდი მხარდაჭერა ჰქონდა, ის დაამხეს.

რაც შეეხება მარია რესას, ის იყო ფილიპინების დამოუკიდებელი მედია რესურსის დამფუძნებელი და ამხელდა ფილიპინების შემდგომი პრეზიდენტების კორუფციას და ძალადობას, თუმცა ყველა ეს პრეზიდენტი არჩევნებით მოვიდა და წავიდა. ხოლო თავად რესა დაპატიმრებისთანავე გაუშვა ქვეყნის თავისუფალმა სასამართლომ.

ამიტომ თუ შევადარებთ, მზა ბევრად მეტად იმსახურებს პრემიას, როგორც ქართული თავისუფალი მედიის ბრძოლის სიმბოლო და რეჟიმის მსხვერპლი.

მოვუწოდებ სხვებსაც, შემომიერთდეთ და ბევრმა ერთად დავუჭიროთ მხარი მზია ამაღლობელის კანდიდატურას 2026 წლის ნობელის პრემიის მოსაპოვებლად, მშვიდობის დარგში", - წერს სააკაშვილი.