აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე მშობლებთან, მეუღლესთან და შვილებთან ერთად გერმანიაში საცხოვრებლად გადავიდა, - ინფორმაციას ამის შესახებ „აჭარა თაიმსი“ ორ ერთმანეთისგან დამოუკიდებელ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, რიჟვაძეები თურქეთიდან გერმანიაში სამკურნალოდ გაემგზავრნენ.

წყაროების ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძე ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. იმავე წყაროები აცხადებენ, რომ შემთხვევის შემდეგ მას ერთ თვალში ხედვა დაკარგული აქვს.

"აჭარა თაიმსმა“ ასევე გაარკვია, რომ თორნიკე რიჟვაძის შვილები, რომლებიც ახლაც ბათუმის მერვე საჯარო სკოლის ბაზაში ირიცხებიან, სასწავლო პროცესში არ მონაწილეობენ. სკოლის დირექტორმა ქეთევან გვარჯალაძემ დაადასტურა, რომ მოსწავლეები სკოლაში არ ცხადდებიან, თუმცა აღნიშნა, რომ მათ კანონით განსაზღვრული 30-პროცენტიანი გაცდენის ლიმიტი ჯერჯერობით ამოწურული არ აქვთ.

27 ოქტომბერს, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილმა ხელმძღვანელმა, ალექსი ახვლედიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თორნიკე რიჟვაძე საქართველოში დაბრუნებას უახლოეს ხანებში აპირებდა. მისივე თქმით, რიჟვაძე თავად გასცემდა ყველა კითხვას პასუხს.

ამის შემდეგ, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა მურმან დუმბაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რიჟვაძეს ქვეყანაში დაბრუნების და თურქეთიდან საზღვრის გადმოკვეთის უფლებას არ აძლევდნენ.

ივლისში მომხდარის შემდეგ, რიჟვაძე სამკურნალოდ სწორედ თურქეთში გადაიყვანეს. თორნიკე რიჟვაძის სავარაუდო თვითმკვლელობის მცდელობის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს. ცალკე გამოყოფილია ალექსი ახვლედიანის ბრალდების სისხლის სამართლის საქმე, ვინაიდან სწორედ მისი ცეცხლსასროლი იარაღიდან მოხდა გასროლა. ახვლედიანს პროკურატურამ ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით წარუდგინა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. აღნიშნული ქმედება სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ალექსი ახვლედიანს აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული.