წინათ თუ “ფრონტერა” “ოცნების” ხელისუფლებას აბრალებდა გაკოტრებას, ახლა შეეკრა მას და აგერ უკვე წელიწადზე მეტია, აფერხებს ამერიკის კონგრესში “მეგობარი აქტის” მიღებას ერთ-ერთი რესპუბლიკელი კონგრესმენის დახმარებით, რომელსაც ფინანსურ მხარდაჭერას უწევს არჩევნებში, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, “ფრონტერა” და ივანიშვილის მიერ დაქირავებული ამერიკელი ლობისტები ხელს უშლიან ამერიკის კონგრესში საქართველოში ავტორიტარული რეჟიმის დამყარების საწინააღმდეგო ინიციატივებს.

“თაღლითი ტეხასური კომპანია “ფრონტერა” ამერიკის კონგრესში “მეგობარი აქტის” მიღებას აფერხებს. “ფრონტერა საქართველო” არის პარაზიტი კომერციული ორგანიზაცია, რომელიც ატყუებდა აქციონერებს, თითქოსდა საქართველოში გიგანტური ოდენობის გაზისა და ნავთობის მარაგები იყო. ამით ხელოვნურად ბერავდა აქციების ფასებს  და სძალავდა მათ ფულს. 28 წელიწადია ასე ატყუებს აქციონერებს. ამ ხნის მანძილზე ნავთობისა და გაზის მოპოვების იმიტაციას ეწეოდა. ბოლოს იქამდე მივიდა საქმე, რომ ამ იმიტაციის თავიც კი არ შერჩა და მუშებს კუთვნილი ხელფასებიც კი არ მისცა. ამ სკანდალის შესახებ ყველამ ვიცით.

“ფრონტერამ” აქციონერებისაგან  მოზიდული ფული გაფლანგა. კი მიუხვდნენ ინვესტორები ამ თაღლითობას, მაგრამ გვიანი იყო, მისი აქციების ფასი განულდა და ბირჟიდანაც გააგდეს. საერთაშორისო არბიტრაჟშიც იჩივლა “ფრონტერამ” საქართველოს წინააღმდეგ, გვავიწროვებენო. 3,5 მილიარდ დოლარს ითხოვდა. ესეც ეშმაკური ნაბიჯი იყო, იცოდა, რომ ვერ მოიგებდა, სამაგიეროდ აქციონერების თვალში თავს იმართლებდა, თურმე იმიტომ კი არ გაკოტრდა, რომ არავითარი გაზი და ნავთობი იქ არ არის (ეს კარგადაა ცნობილი საბჭოთა დროიდან), არამედ ხელისუფლება ყოფილა ამაში დამნაშავე. წააგო რა თქმა უნდა, ეს სასამართლო დავა.

წინათ თუ “ფრონტერა” “ოცნების” ხელისუფლებას აბრალებდა გაკოტრებას, ახლა შეეკრა მას და აგერ უკვე წელიწადზე მეტია, აფერხებს ამერიკის კონგრესში “მეგობარი აქტის” მიღებას ერთ-ერთი რესპუბლიკელი კონგრესმენის დახმარებით, რომელსაც ფინანსურ მხარდაჭერას უწევს არჩევნებში.

“ფრონტერა” და ივანიშვილის მიერ დაქირავებული ამერიკელი ლობისტები ხელს უშლიან ამერიკის კონგრესში საქართველოში ავტორიტარული რეჟიმის დამყარების საწინააღმდეგო ინიციატივებს.

“ფრონტერა” არის პარაზიტი კომპანია და ბოროტად იყენებდა და იყენებს ლობირების ინსტიტუტს.

იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ამერიკის კონგრესში ჯანსაღი ძალები გაიმარჯვებენ დაქირავებულ ლობისტებზე და მოსყიდულ კონგრესმენებზე  და მხარს დაუჭერენ ყველა იმ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც საქართველოში დემოკრატიის შენარჩუნებისა და განმტკიცებისაკენ იქნება მიმართული“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.