“პროკურატურამ დაადასტურა, რომ საქართველო გამოყენებულია რუსებისთვის სანქციების ასარიდებლად. სქემა მარტივი იყო - რუსეთიდან შემოსული შავი ფული ყალბი დოკუმენტებით თეთრდებოდა, ყიდულობდნენ ევროსა და დოლარს და ფიქტიური ქართული კომპანიებით ევროპულ ბანკებში რიცხავდნენ, რათა რუსეთისთვის სანქცირებული პროდუქცია ისევ საქართველოს გავლით დაბრუნებულიყო მის ბაზარზე“, - წერს “ნაციონალური მოძრაობის” ანტიკორუფციული მიმართულების მდივანი ვასო ურუშაძე სოციალურ ქსელში.

"წლებია, ვსაუბრობთ და ვაქვეყნებთ კონკრეტულ მტკიცებულებებს, რომ საქართველო გამოყენებულია რუსეთზე დაწესებული დასავლური სანქციებისგან თავის ასარიდებელ მესამე ქვეყნად.

დღეს საქართველოს პროკურატურამ ეს დაადასტურა, სქემა მარტივია, სავარაუდოდ რუსეთიდან შემოდიოდა შავი ფული ქეშის სახით, რუსული რუბლი, ყალბი წარმომავლობის დოკუმენტების გამოყენებით ხდებოდა ამ ფულის გათეთრება, ევროსა და დოლარის შეძენა და ქართული,  ფიქტიური კომპანიების მეშვეობით ევროპის ბანკებში გადარიცხვა, სხვადასხვა რუსეთის ბაზრისთვის სანქცირებული პროდუქციის შესაძენად, რომელიც ისევ საქართველოს გავლით ხვდებოდა რუსეთის ბაზარზე.

ამ ტრანსნაციონალური დანაშაულებრივი სქემის მფარველობის სანაცვლოდ აუცილებლად გამდიდრდებოდნენ რიგი ჩინოვნიკები, რთული გამოსაცნობი არ არის ვის ექნებოდა ასეთი გავლენა, 2022-2024 წლებში. სავარაუდოდ სქემა დღესაც მუშაობს, ახალი მფარველებით და სხვა “ბიზნეს” სუბიექტებით,  რასთან დაკავშირებითაც მოგვიანებით გიამბობთ.

ფაქტია, ამ თაღლითური სქემით არც ქვეყნის ეკონომიკა განვითარებულა და არც ახალი სამუშაო ადგილები შექმნილა, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე გამდიდრებულ ჩინოვნიკს და მათ ოჯახის წევრებს”, - წერს ვასო ურუშაძე.