შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით, 1962 წელს დაბადებული ნ.კ. დააკავეს.

დანაშაული თავისუფლების 2 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა, რომელიც თბილისში ერთ-ერთ ოჯახში ძიძად მუშაობდა, 2024 წელს დაბადებულ მცირეწლოვანზე ფიზიკურად იძალადა. ფაქტის ამსახველი კადრები მცირეწლოვნის ოჯახში დამონტაჟებულმა ვიდეოკამერამ დააფიქსირა. სამართალდამცველებმა მყისიერი რეაგირების შედეგად, ნ.კ. ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.