შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით, 1995 წელს დაბადებული ბ.ბ. დააკავეს.

"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, მეზობლად მცხოვრებ -  2015 წელს დაბადებულ არასრულწლოვანს სისტემატურად უგზავნიდა სექსუალური ხასიათის მოკლეტექსტურ შეტყობინებებს. ბ.ბ.-მ იგი დაითანხმა, რომ მსგავსი შინაარსის ფოტო  მისთვისაც გაეგზავნა. საქმის მასალებით, ასევე, დგინდება, რომ ბრალდებული გოგონას სქესობრივ კავშირს სთავაზობდა.

ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამართალდამცველებმა ბ.ბ. ბრალდებულის სახით დააკავეს.

ნივთმტკიცების სახით ამოღებულია ბრალდებულის მობილური ტელეფონი, რომლის საშუალებითაც იგი არასრულწლოვანს სექსუალური ხასიათის შეტყობინებებს უგზავნიდა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 9 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს", - აცხადებენ შსს-ში.