შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1993 წელს დაბადებული ლ.ს. დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, წარსულში მომხდარი კონფლიქტის საფუძველზე, დანის გამოყენებით სამ პირს: 1969 წელს დაბადებულ შ.ბ.-ს, 1992 წელს დაბადებულ ჯ.ბ.-ს და 1985 წელს დაბადებულ მ.გ.-ს სხეულის დაზიანება მიაყენა. დაშავებულები შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით საავადმყოფოში მოათავსეს.

სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ლ.ს. ბრალდებულის სახით მომხდარიდან მალევე, ბათუმში დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 9-დან 13 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.