ფონდის თანამშრომლების აბსოლუტური უმრავლესობა ადასტურებს, რომ ისინი ახორციელებდნენ ყველაფერს სწორი მენეჯმენტისათვის და არანაირი გულგრილობა არა თუ გიორგის, არამედ არცერთი მათგანის მხრიდან არ ყოფილა, - ამის შესახებ "თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატმა ლევან მახარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა საკითხზე ერთობლივი დასკვნის შედეგად მიიღებოდა გადაწყვეტილება.

"რაც შეეხება მოწმეთა ჩვენებებს, ძირითადად ეს მოწმეები არიან ფონდის თანამშრომლები, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა ადასტურებს, რომ ისინი ახორციელებდნენ ყველაფერს სწორი მენეჯმენტისათვის და შესაბამისად, არანაირი გულგრილობა არა თუ გიორგის, არამედ არცერთი მათგანის მხრიდან არ ყოფილა.

დირექტორი არ გახლდათ მნიშვნელოვან საკითხებზე გადაწყვეტილების ერთპიროვნულად მიმღები პირი, არამედ არსებობდა აღმასრულებელი საბჭო, რომელშიც შედიოდნენ თითოეული მიმართულების ხელმძღვანელები - სამშენებლო, ფინანსური, იურიდიული კუთხით, რომლებიც თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში დებდნენ სათანადო დასკვნებს და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებოდა ერთობლივად და კოლეგიალურად საბოლოო გადაწყვეტილება", - განაცხადა ლევან მახარაშვილმა.

"მტკვარი ჰესის" საქმესთან დაკავშირებით „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა. აღნიშნულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი დღეს გაიმართა.

გიორგი ბაჩიაშვილს "მტკვარი ჰესის" საქმეზე ბრალდება 220/1-ე მუხლის მე-2 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.