ნიკა მელიას უპირებენ წაუყენონ მორიგი ბრალდება, ეს ამ წელში უკვე მეოთხე ბრალდებაა, როგორც ჩანს, უნდათ, რომ ნიკა გატყდეს, - ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქმე მოსამართლის შეურაცხყოფას ეხება.

"ვაკე-საბურთალოს საგამოძიებო სამსახურიდან გამომძიებელი დღეს დილით დამიკავშირდა და მაცნობა, რომ ნიკა მელიასთან დაკავშირებით გამოტანილია დადგენილება ბრალდების შესახებ.

ნიკა მელიას უპირებენ წაუყენონ მორიგი ბრალდება, საქმე მოსამართლის შეურაცხყოფის ეპიზოდს ეხება, რომელიც თითქოს რამდენიმე თვის წინ, გაზაფხულზე ჩატარებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეზე მოხდა, რომელიც მოსამართლე ქოჩქიას დაკავშირებითაა.

ჩვენ ყველგან ვესწრებოდით აღნიშნულ პროცესს, იქ მსგავსი არანაირი ინციდენტი ნიკა მელიას მხრიდან მე არ დამიფიქსირებია. ეს ამ წელში უკვე მე-4 ბრალდებაა, როგორც ჩანს უნდათ რომ ნიკა გატყდეს", - განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა.