მოსამართლე ფიქრია სიქტურაშვილმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს ლევან ხაბეიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, მურთაზ ზოდელავას კი პატიმრობის უზრუნველყოფით 25 000-ლარიანი გირაო.

ზოდელავა საპატიმროს გირაოს თანხის გადახდის შემდეგ დატოვებს.

ლევან ხაბეიშვილი და მურთაზ ზოდელავა 11 სექტემბერს დააკავეს. ხაბეიშვილს ბრალი უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისთვის ქრთამის დაპირებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ საქვეყნოდ მოწოდების მუხლებით წარედგინა.

რაც შეეხება ზოდელავას, მას 364-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ბრალდება წარედგინა, რაც გულისხმობს გამოძიებისთვის ხელის შეშლის მიზნით გამომძიებლის საქმიანობაში ამა თუ იმ ფორმით უკანონო ჩარევას.