თბილისის საქალაქო სასამართლომ "ლელო – ძლიერი საქართველოს“ ლიდერებს მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, აღკვეთის ღონისძიების სახით თითოეულს მილიონი ლარის გირაო შეუფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლემ ფიქრია სიქტურაშვილმა მიიღო. ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. ბადრი ჯაფარიძის და მამუკა ხაზარაძის ადვოკატები აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდნენ.

მათ გირაოს გადახდის ვადად 30 დღე განესაზღვრათ.

დღესვე სასამართლომ იმსჯელა მიხეილ სააკაშვილის, ელენე ხოშტარიას, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკა მელიას და ზურაბ ჯაფარიძის წინა სასამართლო სხდომის თარიღზეც. აღნიშნულ საქმეზე პროცესი 25 დეკემბერს, 13:00 საათზე ჩაინიშნა.

პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის, გიორგი ვაშაძის, ნიკა გვარამიას, ნიკანორ მელიას, ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ ახალი სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. პროკურატურის ინფორმაციით, საქმე ეხება სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს – საბოტაჟს, უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას, საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობის დაფინანსებას და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას.