რაიმე განსაკუთრებულად ორგანიზებული, ბანდიტურ დანაშაულებრივი ჯგუფების კონსოლიდაცია, რაიმე ორგანიზებული შემოტევა, შტურმი, კონტრშეტევები, რაიმე ასეთი ნახეთ მანდ იმ დღეს, 4 ოქტომბერს ათონელის მოედანზე?, - ამის შესახებ დაკავებულმა მურთაზ ზოდელავამ სასამართლო სხდომაზე მოწმე სპეცრაზმელს მიმართა.

მისი თქმით, აღნიშნული სპეცრაზმელი პროცესებს თავისი გადმოსახედიდან უყურებდა.

"თქვენ თქვენი საქმიანი გამოცდილების ფარგლებში მონაწილეობდით აქციებში, მიგიღიათ მონაწილეობა აქციებში, გინახავთ ბევრი აქცია, ბევრი შეხლა-შემოხლა და ხართ ამ აქციის, ათონელის მოედანთან მიმდინარე აქციის თვითმხილველი. თქვენს პასუხებში იყო თვითმხილველის პოზიცია, როგორც გდდ-ის თანამშრომლის და ადამიანის, რომელმაც დაინახა პროცესი როგორც აქცია, შეხლა-შემოხლა და აქციის თანმდევი პროცესი. რაიმე განსაკუთრებულად ორგანიზებული, ბანდიტურ დანაშაულებრივი ჯგუფების კონსოლიდაცია, რაიმე ორგანიზებული შემოტევა, შტურმი, კონტრშეტევები, რაიმე ასეთი ნახეთ მანდ იმ დღეს, 4 ოქტომბერს ათონელის მოედანზე? მაგალითები მოვიყვანოთ, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი არავის გაუტყორცნია ხომ 4 ოქტომბერს? თქვენ ეს არ გინახავთ იმიტომ, რომ აღწერეთ კარგად, ხატოვნად ქვის ტყორცნის მომენტები, შეხლა-შემოხლა, ეს ვითარება რაც ზოგადად დამახასიათებელია აქციისთვის საქართველოში და კვაზი დემოკრატიულ ქვეყნებშიც კი, სადაც დემოკრატია ხეიბრის დონეზეც არსებობს, რაიმე ასეთი ხომ არ შეგიმჩნევიათ? ხომ არ იყო განსაკუთრებული მომენტი? ინვენტარი, ორგანიზებული ჯგუფები? იარაღი გავიგეთ, რომ არ იყო და ვერ იქნებოდა.

როგორც პროკურორმა, მეც ასე აღვიქვი, რომ თქვით, ეს იყო ჩვეულებრივი აქცია თავისი შეხლა-შემოხლებით", - განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.