შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა - შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე ნარკოტიკული საშუალების  შემცველი მცენარის უკანონო დათესვა  - მოყვანის ბრალდებით, 3 პირი: 1992 წელს დაბადებული დ.მ. და აზერბაიჯანის მოქალაქეები: 2001 წელს დაბადებული რ.ჰ. და 1991 წელს დაბადებული ჰ.დ. დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღეს, მათ შორის: სარეალიზაციოდ გამზადებული 75 შეკვრა „მეთადონი“, გამომშრალი „მარიხუანა“ და „მცენარე კანაფი“.

ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების კულტივირების და დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება  საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე კვარტა და 265-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს.