პროკურატურამ, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბებნისში მომხდარი დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, ოჯახში ძალადობის, პოლიციელების სიცოცხლის მოსპობის მცდელობის და პოლიციელის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმის ფაქტებზე, ერთ პირს ბრალი წარუდგინა. 

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 7 აგვისტოს, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბებნისში შელაპარაკების საფუძველზე, შურისძიების მოტივით, ბრალდებულმა სანადირო თოფიდან ერთ პირს ესროლა. დაზარალებული ადგილზე გარდაიცვალა. სროლის შედეგად ბრალდებულმა ასევე, განზრახ საფრთხე შეუქმნა იქვე მყოფ სხვა პირის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს. 

განზრახ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებული შეტყობინების საფუძველზე, სამსახურებრივი ავტომანქანებით სოფელ ბებნისში გამოცხადდნენ სამართალდამცველები. ბრალდებულმა სანადირო თოფიდან გასროლით დაჭრა ორი პოლიციელი, ერთს კი თავის არეში დაუმიზნა სანადირო თოფი და სცადა გასროლა. ბრალდებულმა სროლის შედეგად დააზიანა შს სამინისტროს სამმართველოს ბალანსზე რიცხული ავტომანქანაც. მკვლელობის შემდეგ, ბრალდებულმა ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მამას. 

ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას), 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახში ძალადობა), 353 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (პოლიციელის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმა, სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) და 19-353 პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის (პოლიციელის სიცოცხლის მოსპობის მცდელობა სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლებას 20 წლამდე ან უვადო აღკვეთას ითვალისწინებს. 

პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს", - აცხადებენ პროკურატურაში.