შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ბრალდებით 1982 წელს დაბადებული ბ.ნ. და 1979 წელს დაბადებული ზ.ჯ. გარდაბანსა და თეთრიწყაროში სხვადასხვა დროს დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა, ბრალდებულების პირადი, საცხოვრებელი სახლისა და დამხმარე ნაგებობის ჩხრეკის შედეგად, ნარკოტიკული საშუალებები ნივთმტკიცებად ამოიღეს, მათ შორის: "მეთადონი“, "მარიხუანა“ და მცენარე „კანაფი“.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 20 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.