აშშ-ის გენერალური პროკურორის პამელა ბონდის განცხადებით, ნიკოლას მადუროს და მის მეუღლეს სილია ფლორესს ნიუ-იორკის სამხრეთ რაიონში ბრალი წაუყენეს.

მისივე თქმით, ნიკოლას მადუროს ბრალი წაუყენეს ნარკოტერორისტულ შეთქმულებაში, კოკაინის შეტანის შეთქმულებაში, ტყვიამფრქვევებისა და დესტრუქციული მოწყობილობების შენახვაში, ასევე ტყვიამფრქვევებისა და დესტრუქციული მოწყობილობების ფლობაში შეერთებული შტატების წინააღმდეგ.

"ისინი მალე ამერიკული მართლმსაჯულების სრულ რისხვას შეხვდებიან ამერიკის ტერიტორიაზე, ამერიკულ სასამართლოებში. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის სახელით, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს ამერიკელი ხალხის სახელით პასუხისმგებლობის მოთხოვნის გამბედაობისთვის და უდიდესი მადლობა ჩვენს მამაც სამხედროებს, რომლებმაც ჩაატარეს წარმოუდგენელი და უაღრესად წარმატებული მისია ამ ორი სავარაუდო საერთაშორისო ნარკოტრეფიკერის დასაკავებლად“, – განაცხადა აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა.

დღეს, 3 იანვარს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაიწყო თავდასხმების სერია ვენესუელის დედაქალაქ კარაკასზე. აფეთქებების ხმა მთელ ქალაქში ისმოდა. მოგვიანებით აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მადურო დააპატიმრეს და ქვეყნიდან გაიყვანეს.