სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტების თანამშრომლების მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, თბილისში, 2 კილოგრამი ბირთვული მასალა - ურანის უკანონო შეძენის მცდელობისას დაკავებულია ჩინეთის სამი მოქალაქე, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ ლაშა მაღრაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

"დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები თბილისში გეგმავდნენ რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენას 400 000 აშშ დოლარად და შემდეგ უკანონო ტრანსპორტირებას ჩინეთში, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის გავლით.

დანაშაულებრივი გეგმის განსახორციელებლად ჩინეთის ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე რეჟიმის დარღვევით იმყოფებოდა, საქართველოში ჩამოიყვანა ურანის შეძენით დაინტერესებული ექსპერტები და ქვეყნის მასშტაბით აქტიურად დაიწყო ბირთვული მასალის მოძიება. ხსენებულ საქმიანობას ჩინეთიდან კოორდინაციას უწევდნენ დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრები. უკანონო გარიგების დეტალებზე მოლაპარაკების პროცესში, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის რეალიზების შედეგად მოხდა დამნაშავე პირების იდენტიფიცირება და მათი დაკავება.

გარდა ამისა, გამოძიების ფარგლებში, გაიჩხრიკა დაკავებული პირების დროებითი საცხოვრებელი ადგილები თბილისსა და ბათუმში.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების 10 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს“, – განაცხადეს სუსში.