24 ნოემბერს, 15:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე ქალთა მარში გაიმართება.

აქციის ორგანიზატორების განცხადებით, გაყალბებული არჩევნების ფონზე, ძირგამოთხრილი და დასუსტებული დემოკრატიის პირობებში, საქართველო ახალი და მასშტაბური ემიგრაციის ტალღის საფრთხის წინაშე დადგა.

"ემიგრაცია საქართველოში უმწვავესი პრობლემაა. არ მოიძებნება ადამიანი, რომელსაც ოჯახის წევრი, ნათესავი, მეზობელი ან მეგობარი იძულებით არ ჰყავდეს საზღვარგარეთ წასული. სიღარიბის და უპერსპექტივობის გამო ოჯახები გახლეჩილია: მშობლებს შვილები ენატრებათ, შვილებს - მშობლები. თაობები იზრდებიან მონატრებას და მარტოობაში.

გაყალბებული არჩევნების ფონზე, ძირგამოთხრილი და დასუსტებული დემოკრატიის პირობებში, დიდი გამოწვევის წინაშე ვდგავართ - ახალი და მასშტაბური ემიგრაციის ტალღის საფრთხის წინაშე. ახლა გადამწყვეტი მომენტია. ვის მოუწევს ქვეყნიდან წასვლა? მას, ვისაც საქართველოზე შესტკივა გული, ვინც ამ ქვეყნის ევროპული მომავლისთვის იბრძვის, თუ მას, ვინც ამ მომავალს გვაკარგვინებს და ჩვენს გულებში სამშობლოსათვის ანთებული ცეცხლის ჩაქრობას ცდილობს.

24 ნოემბერს, 15:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე, ქალთა მოძრაობისა და ქალთა ინტერპარტიული ჯგუფის ("კოალიცია ცვლილებებისთვის", "კოალიცია ძლიერი საქართველო", "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა", პარტია ,,საქართველოსთვის") ორგანიზებით, გელით ქალთა მარშზე.

შემოგვიერთდი, თან წამოიღე ისეთი ჩემოდანი ან დიდი ჩანთა, რომელსაც შეელევი. მარში დასრულდება ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის შუშის სასახლესთან, პერფორმანსით.

გელით! ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, ვისია საქართველო", - აღნიშნულია განცხადებაში.