"ამოიღე ხმა! დაიბრუნე ხმა!“ - ამ სახელწოდებით, 25 ნოემბერს, 09:00 საათზე, პარლამენტთან საპროტესტო აქცია გაიმართება. მოქალაქეები არჩევნების შედეგებს გააპროტესტებენ. აქცია ორგანიზაცია "ჩემი ხმის" მიერ დაიგეგმა.

საპროტესტო აქციაზე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, სამოქალაქო ორგანიზაციის წევრები და მოქალაქეები შეიკრიბებიან.

"საქართველოს მოქალაქეებს ჩვენი საერთო წარსული გვაერთიანებს და დღევანდელობას ერთნაირად ვგრძნობთ. როგორი იქნება საქართველოს მომავალი, ჩვენ, მოქალაქეებმა უნდა გადავწყვიტოთ. თუმცა გვეუბნებიან, რუსეთში გამდიდრებულმა ერთმა კაცმა ჩვენ ნაცვლად უნდა გადაწყვიტოს საქართველოს ბედი, მისმა ხმამ გადაწონოს საქართველოს ხმა.

25 ნოემბერს, სწორედ მისი ხმით დანიშნული პარლამენტი იკრიბება. ეს კრიმინალური აქტია, დანაშაულით ძალაუფლების დაუფლების მცდელობა. და რას ვაკეთებთ ჩვენ? უხმაუროდ ვეგუებით, თუ ხმას ამოვიღებთ?! ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებმა უნდა ამოვიღოთ ხმა! ჩვენ უნდა დავიბრუნოთ ხმა! 25 ნოემბერს, დილის 9 საათზე, საქართველოს პარლამენტის უკან, მოდი“, - აღნიშნულია განცხადებაში.

აქცია პარლამენტში "ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილი პირველი სხდომის პარალელურად გაიმართება.