2026 წლის 6, 7 და 8 თებერვალს, 17:00 საათზე დიუშენით დაავადებული ბავშვების მკურნალობის მოთხოვნით აქციები გაიმართება.

"დიუშენის კუნთოვანი დისტროფია უმძიმესი გენეტიკური დაავადებაა, რომელიც ადრეულ ასაკში იწვევს კუნთების გადაგვარებას და სიკვდილს. საქართველოში დიუშენით დაავადებული 100-მდე ბავშვი არსებობს, რომელთა ნაწილს გადაადგილება უჭირს, ნაწილი ეტლზეა მიჯაჭვული, ხოლო ნაწილი ხელოვნურ სუნთქვაზეა. მიუხედავად არაერთგზისი მოთხოვნის და მოწოდებისა ამ დაავადების სამკურნალო ძვირად ღირებულ პრეპარატებს, პერიოდულ გამოკვლევებს, დამხმარე საშუალებებს და სხვა აუცილებელ საჭიროებებს სახელმწიფო დღემდე არ აფინანსებს.
არ არსებობს იმაზე უფრო მაღალი ღირებულება ვიდრე ბავშვების სიცოცხლეა. სახელმწიფოს უმოქმედობის ყოველი დღე უდრის ბავშვის დაკარგულ სიცოცხლეს.

ჩვენ დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ვატარებთ სამდღიან აქციას მკურნალობის დაფინანსების მოთხოვნით. აქციები გაიმართება სხვადასხვა ლოკაციაზე 17:00-დან 19:00-მდე შუალედში.

6 თებერვალს ჩატარდება აქცია სახელმწიფო კანცელარიასთან, 7 თებერვალს გაიმართება მარში რუსთაველის მეტროდან სახელმწიფო კანცელარიამდე, ხოლო 8 თებერვალს გაიმართება აქცია ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან. 

მოგმართავთ მეგობრებს, ნათესავებს, კოლეგებს და ფართო საზოგადოებას შემოგვიერთდით და ერთად გადავარჩინოთ ჩვენი ბავშვების სიცოცხლე", - აცხადებენ დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები.