რასაც ვუყურებთ, არის სოციალური კრიზისის მართვა რეპრესიით, დასჯით და იმედი მაქვს, რომ ხელისუფლებას ეს ყველაფერი არ გამოუვა, - ამის შესახებ  “სოციალური სამართლიანობის ცენტრის” იურისტმა გურო იმნაძემ ჭიათურაში მაღაროელების პროტესტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, დოვლათის მოპოვების და გადანაწილების სისტემა ამ ქვეყანაში არის უკიდურესად უსამართლო, როდესაც მთელი ამ ინდუსტრიით სარგებლობს არა ადგილობრივი თემი, არამედ მდიდრდებიან ერთეული მდიდარი ადამიანები.

"ის, რაც ჭიათურაში ხდება, ბევრ პრობლემას აჩვენებს, როგორც წმინდა სამართლებრივს, ასევე სოციალურს და იმას, თუ რამდენად გულგრილია სახელმწიფო სოციალური კრიზისის მიმართ. ეს ასევე აჩვენებს ჩვენი სახელმწიფოს ვითარების პრობლემურობას მომავალ ათწლეულებში.  

საქართველოში ბუნებრივი რესურსებით ერთ-ერთი უმდიდრესი რეგიონი დღეს არის ყველაზე ღარიბი მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობით და ყველაზე მოწყვლადი ნებისმიერი სოციალური თუ ეკონომიკური წნეხის მიმართ. ეს აჩვენებს იმას, რომ დოვლათის მოპოვების და გადანაწილების სისტემა ამ ქვეყანაში არის უკიდურესად უსამართლო, როდესაც მთელი ამ ინდუსტრიით სარგებლობს არა ადგილობრივი თემი, არამედ მდიდრდებიან ერთეული მდიდარი ადამიანები, რომლებიც კორუმპირებულ, ფეოდალურ სისტემაში არიან და აძლიერებენ, როგორც ადგილობრივ, ისე ცენტრალურ ხელისუფლებას.

რასაც ვუყურებთ, არის სოციალური კრიზისის მართვა რეპრესიით, დასჯით და იმედი მაქვს, რომ ხელისუფლებას ეს ყველაფერი არ გამოუვა.  

პირველ რიგში, ადგილობრივი თემისთვის უნდა იყოს სერიოზული გაკვეთილი, რომ ის მდგომარეობა, რაც არის ქვეყანაში, ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ პარაზიტული ეკონომიკური მდგომარეობის შექმნას, როდესაც აბსოლუტურად სარგებლობაზე არის დაყვანილი მოსახლეობის შრომა. 

მეორე საკითხია, რომ ეს აჩვენებს, რამდენად ბევრი აქვს სამუშაო ასეთ საკითხებზე და ამ მოსახლეობებთან ოპოზიციურ პარტიებს. განწყობები, რწმენა და იმედი ამ გაბრაზებული მოსახლეობის, რომ მათ პრობლემას ვინმე მიხედავს, თითქოს ისევ ხელისუფლებაზეა ჩამოკიდებული და არა იმაზე, რომ წინააღმდეგობას და რეალურ პროტესტს აქვს აზრი, რაშიც შეიძლება ოპოზიციური პარტიების როლიც ყოფილიყო", - განაცხადა გურო იმნაძემ.

ჭიათურელი მაღაროელები დამსაქმებელი კომპანიის მიერ თანამშრომლების უკანონოდ გათავისუფლებას, კუთვნილი ანაზღაურების არმიღებას და მათი თანამშრომლების დაკავებას აპროტესტებენ. ოთხი მაღაროელი დაკავებულია, რამდენიმე ადამიანი 25 დღეზე მეტია, შიმშილობს.

“ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ” მაღაროელები, "რომელთა შემთხვევაშიც ვერ მოხერხდა შრომითი ურთიერთობების გაგრძელება", საბოლოოდ დათხოვილ თანამშრომლებად გამოაცხადა და განაცხადა, "ჭიათურის საწარმოში დათხოვნილ თანამშრომლებს აუნაზღაურდებათ როგორც ერთთვიანი კომპენსაცია, ისე 2025 წლის 27 აპრილამდე დარიცხული სახელფასო თანხა".