თბილისში გასულ ღამეს 31 წლის ახალგაზრდას სცემეს. არსებული ინფორმაციით, უმძიმესი დაზიანებები თავის არეში ბექა ონიანს პოლიციელის შვილმა მიაყენა.

როგორც "მთავართან" საუბარში ონიანის დედამ განაცხადა, მის შვილს საავადმყოფოში შეყვანისთანავე ოპერაცია ჩაუტარდა და ამ დროისათვის ხელოვნურ კომაშია.

რაც შეეხება მომხდარს, ნინო შერმადინის თქმით, შემთხვევა უნივერსიტეტის ქუჩაზე, ახალი სპორტის სასახლის ტერიტორიაზე მოხდა. შერმადინის თქმით, მისი შვილი ფუტსალს თამაშობს. დაპირისპირებაც მოწინააღმდეგე გუნდის წარმომადგენელთან თამაშის დროს დაიწყო, თუმცა სიტყვიერი ინციდენტი მალევე ამოიწურა, თამაშის დასრულების შემდეგ კი მის შვილს ივა ტყეშელაშვილი პარკინგზე დახვდა და სავარაუდოდ, ბლაგვი საგნით თავის არეში სცემა.

დედა ამბობს, რომ არსებობს კამერების ჩანაწერები, რომლებიც უკვე გამოძიების ხელშია, თუმცა დაკავებული არავინაა.

"ჩემი  შვილი არის ფუტსალის დინამოს მოთამაშე, გუშინ ჰქონდათ თამაში თსუ-ის გუნდთან. თამაშის დროს სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა მოთამაშეებს შორის, ამის შემდეგ, მოწინააღმდეგე გუნდის თსუ-ის ფიზმომზადების მწვრთნელი დაელოდა პარკინგზე, ეს ყველაფერი მოხდა ახალ სპორტის სასახლეში, უნივერსიტეტის ქუჩაზე. ნახა მარტო, კამერები ამოღებულია და როგორც ვიცი, კამერაში ჩანს, როგორ მიდის ეს პიროვნება, ურტყამს ხელს. არ ჩანს, მაგრამ ტრავმა ისეთია მიღებული, რომ ცარიელი მუშტით ასეთ ტრავმას ვერ მიაყენებდა. ურტყამს თავში, სავარაუდოდ, უჭირავს ბლაგვი საგანი, ჩემი შვილი მოწყვეტით ეცემა უგონოდ და ის ტრიალდება, ჯდება მანქანაში და მიდის.

ეს არის ივა ტყეშელაშვილი, თსუ-ის ფიზმომზადების მასწავლებელი და ინფორმაციები როგორიც გვაქვს, პოლიციელის შვილია. არაერთხელაა მსგავს კონფლიქტებში შემჩნეული, რაც სხვაგან ადრე გასვლია", - ამბობს ნაცემი ახალგაზრდას დედა" მთავართან" საუბარში.

მისივე ცნობით, გამომძიებლებს ოჯახთან კონტაქტი არ ჰქონიათ - "საავადმყოფოში შეყვანის მერე გამოიძახეს პოლიცია, 1 საათში იცოდნენ სახელიც, გვარიც, ვინ არის, რა არის, მანქანის ნომერი და ა.შ. მაგრამ აქამდე დაკავებული არ არის. გვითხრეს, როცა საჭიროდ ჩავთვლით რაიმე ინფორმაციის მოწოდებას, მოგაწოდებთო", - განუცხადა ნაცემი ახალგაზრდას დედამ, ნინო შერმადინმა "მთავარს".

როგორც შსს-ს პრესსამსახურში "მთავარს" განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. დაკავებულია თუ არა სავარაუდო დამნაშავე, უწყება არ აკონკრეტებს.