უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო III-მ საპატრიარქო რეზიდენციაში UNESCO-სა და მისი მრჩეველი ორგანოების: ICOMOS-ისა და ICCROM-ის ექსპერტთა დელეგაცია მიიღო.

საპატრიარქოს ცნობით, დელეგაციას ხელმძღვანელობს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის პროგრამების სპეციალისტი ირენა კაკეტი. მის შემადგენლობაში ასევე არიან მრჩეველი ორგანოების წარმომადგენლები: ალკივიადეს პრეპისი და ელისონ ჰერიტეიჯი.

შეხვედრას ესწრებოდნენ: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების ხელმძღვანელი, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა), ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი ვახტანგი (ლიპარტელიანი), გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, არქიმანდრიტი კირიონი (ონიანი), საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, მისი მოადგილე, დეკანოზი გურამ ჭარელაშვილი, გელათის რეაბილიტაციის კომიტეტისა და გელათის რეაბილიტაციის კომიტეტის ეროვნული სამეცნიერო საბჭოს წევრები.

შეხვედრის მთავარ თემას გელათის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე მასშტაბური სარეაბილიტაციო პროცესი წარმოადგენდა. მონაწილეებმა მიმოიხილეს ძეგლზე ჩატარებული და დაგეგმილი სამუშაოები, გაცვალეს პროფესიული მოსაზრებები და სამონასტრო კომპლექსის პირვანდელი სახით შენარჩუნების მიზნით, შემდგომი თანამშრომლობის მზაობა გამოთქვეს.

როგორც უცხოელმა სპეციალისტებმა აღნიშნეს, მათ რეკომენდაციებს გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი ზედმიწევნით ასრულებს. ექსპერტებმა მადლობა გადაუხადეს საქართველოს ეკლესიის მეთაურს გელათის რებიალიტაციის სწორი ხელმძღვანელობისა და აქტიური ჩართულობისთვის. ასევე მადლობა გადაუხადეს გელათის რეაბილიტაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, არქიმანდრიტ კირიონს და მთელ სამუშაო ჯგუფს მნიშვნელოვანი სამუშაოებისთვის.

აღსანიშნავია, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო III გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტისა და მიმდინარე სამუშაოების ხელმძღვანელია.

მისმა უწმინდესობამ მაღალი შეფასება მისცა ძეგლის გადასარჩენად გაწეულ ძალისხმევას და გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, არქიმანდრიტ კირიონს და შეხვედრის მონაწილეებს მუშაობის პროცესში გამოჩენილი გულისხმიერებისა და მაღალპროფესიონალიზმისთვის მადლობა გადაუხადა.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრისა და მისი მრჩეველი ორგანოების ექსპერტები ყოველთვის მზად არიან დახმარება გაუწიონ და გასცენ შესაბამისი რეკომენდაციები ქართული მხარის დასახმარებლად.

შეხვედრის დასასრულს საქართველოს ეკლესიის მეთაურმა სტუმრებს საჩუქრად გადასცა საიუბილეო ჯვრები, რომლებიც საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავის აღსანიშნავად შეიქმნა.