ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის საშობაო გზავნილი სამწყსოსადმი
მადლი და წყალობა ბეთლემს შობილი ყრმისა იყავნ თქვენ ყოველთა თანა, ღვთივკურთხეულო, სულიწმიდის მადლში შობილო ძვირფასო სამწყსოვ!
ქრისტესმიერ საყვარელნო მამანო და დედანო, ძმანო და დანო, დადგა ნანატრი დღე და მოიწია ჟამი სიხარულისა, რამეთუ ბეთლემში იშვა ყრმა, რომელიც ნათლის სხივებს ჰფენს სამყაროს და სულიერი გამყინვარებისგან იცავს ადამის მოდგმას. განუზომელია ზეგარდამო მადლი და წყალობა, რომელიც ნუგეშად და იმედად ეფინება ჩვენს გულებს და საღმრთო განგებულების საიდუმლოს მონაწილედ გვხდის ადამიანებს.
ქრისტეს შობის დიადი მოვლენის მთავარი გზავნილია: „დიდება მაღალთა შინა ღმერთს, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება!“ (ლკ. 2,14).
ეს მოწოდება იქცა ახალი აღთქმის ეპოქის ჰიმნად, რომელიც ჩვენს მარადცვალებად სამყაროში წარმოადგენს უცვალებელ ღირებულებით ორიენტირს მათთვის, ვინც სრულყოფისა და განღმრთობისაკენ ისწრაფვის. ამ მოწოდებით ფაქტობრივად იწყება კაცობრიობის ისტორიაში ახალი ათვლის წერტილი, რაც შემდგომში, უკვე საქადაგებლად გამოსულმა იესო ქრისტემ ამგვარად გამოთქვა: „რომელსა ჰნებავს შემოდგომად ჩემდა, უარყავნ თავი თჳსი და აღიღენ ჯუარი თჳსი და შემომიდეგინ მე“ (მთ. 16,24).
მათ, ვისაც სურს გახდეს უფლის ახალი აღთქმის მემკვიდრე, ის უნდა დაიბადოს ახალი აღთქმის ემბაზში. ახალი აღთქმის შვილებს კი ასე გვმოძღვრავს წმიდა მოციქული პავლე:
"ხოლო აწ განიშორეთ თქუენცა ყოველივე: რისხვაჲ, გულის წყრომაჲ, უკეთურებაჲ, გმობაჲ, უშუერი სიტყუაჲ პირისაგან თქუენისა. ნუ უტყუით ერთი-ერთსა, განიძარცუეთ ძუელი იგი კაცი საქმით მისითურთ და შეიმოსეთ ახალი იგი განახლებული მეცნიერებაჲ მსგავსად ხატისა მის დამბადებელისა მისისა, სადა-იგი არა არს წარმართ და ჰურია, წინადაცუეთილება და წინადაუცუეთილება, ბარბაროზ, სკჳთელ, მონება, აზნაურება, არამედ ყოვლად ყოველსა შინა ქრისტე. შეიმოსეთ უკუე, ვითარცა რჩეულთა ღმრთისათა, წმიდათა და საყუარელთა, მოწყალებაჲ, შეწყნარებაჲ, სიტკბოებაჲ, სიმდაბლე, სიმშჳდე, სულგრძელებაჲ, თავს-იდებდით ურთიერთას და მიჰმადლებდით თავთა თჳსთა, უკუეთუ ვისმე აქუნდეს ვისთჳსმე ბრალი. ვითარცა-იგი ქრისტემან მიგმადლა თქუენ, ეგრეთცა თქუენ მიჰმადლეთ მათ; და ამას ყოველსა ზედა სიყუარული, რომელ-იგი არს სიმტკიცე სრულებისაჲ“ (კოლ. 3,8-14).
ახალი აღთქმის რწმენის საფუძვლებს პირველივე საუკუნიდან ეზიარა ჩვენი წინაპარი და მას ერთგულებდა მრავალი საუკუნის განმავლობაში; მთელი სიბრძნითა და სიუხვით დაემკვიდრა ღვთის სიტყვა ქართველი კაცის გულსა და გონებაში და მისი იდენტობის განუყოფელ ნაწილად იქცა.
დღეს, თანამედროვე საქართველოში მცხოვრებ ქრისტიანებს, ზეციურ წმიდა მოდასეთა შორის სამაგალითოდ და ნუგეშად გვყვანან ურიცხვნი წმიდა მოწამენი, აღმსარებელნი, სამშობლოსათვის თავდადებულნი, მლოცველნი, მმარხველნი, ღირსნი და ღმერთშემოსილნი მამანი და დედანი, მღვდელმთავარნი და კათოლიკოს-პატრიარქნი, ის ადამიანები, რომლებმაც სძლიეს წუთისოფელს! მათი მოწამეობრივი და აღმსარებლობითი ღვაწლი ჩვენ დღესაც გვაძლიერებს, გვამხნევებს და გვაიმედებს; თუმცა, დღევანდელი გადასახედიდან, ეს არის ერის მიერ განვლილი გზის წმიდა ისტორია, რაც სულიერ, მორალურ და იდეურ საყრდენს წარმოადგენს თანამედროვე ქართველისთვის.
აქვე, მოდით, ისიც ვიკითხოთ, დიდი ქრისტიანული ისტორიის მემკვიდრენი, რით ვპასუხობთ, რით ვეხმიანებით ძველსა თუ ახალ დროში გაბრწყინვებულ წმიდანთა დასს?
მთავარი კითხვა, რის წინაშეც ჩვენ ვდგავართ, არის ის, თუ რანი ვართ დღეს, რა ღირებულებები გვაერთიანებს ზემოთ ციტირებულ წმიდა სახარებისეულ დებულებებთან, ან კიდევ რომელია ის ფსევდო-ღირებულებები, რომლებიც გვაუცხოვებს მათთან?!
ჩვენში გაბატონებული წარმოდგენები და აღქმები რაოდენ თანხმობაშია ან სხვაობს წმიდა სახარებისეულ სწავლებასთან, ქრისტიანულ ტრადიციასთან?
...და, ბოლოს, რა გამოწვევების წინაშე იდგა საქართველოს ეკლესია და თვით ქართული სახელმწიფო(ებრიობა) გუშინ და როგორია ამ მხრივ ჩვენი დღევანდელობა?
ცხადია, ეს ვრცელი და საგანგებო განსჯა-განხილვის თემაა, ჩვენ აქ მხოლოდ მცირე შედარებითი ანალიზით შემოვიფარგლებით!
(1). სამწუხაროდ, დღეს ჩვენ კვლავ და კვლავ გვიწევს საუბარი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების თითქმის ორსაუკუნენახევრიანი მძიმე და ტრაგიკული გამოცდილების შესახებ, რადგან ე.წ. ერთმორწმუნეობა რუსული სახელმწიფოს მიერ გამოიყენება პოლიტიკური გავლენის ერთ-ერთ მთავარ ინსტრუმენტად საქართველოს ეკლესიისა და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ; ამის პირისპირ კი ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი მორწმუნე საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი, მრავალი ფაქტორის გათვალისწინებით, ამ მიმართებით საკმაოდ მოწყვლადი აღმოჩნდა. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს სახელმწიფოებრივი და ეკლესიური დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ადამიანების გარეშე, არ გვექნებოდა არც ერთი და არც მეორე! მოდით, ისიც გავიხსენოთ, რომ ყალბად გაგებული ერთმორწმუნეობის წინააღმდეგ აქტიურად გამოდიოდნენ XX საუკუნის დასაწყისში მოღვაწე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები, სულმნათნი მოძღვარნი ივერიის საკათალიკოსო ტახტისა, ასევე, ქართველი მღვდელმთავარნი, რომლებიც შეეწირნენ რუსეთის (შემდგომ კი, საბჭოთა) იმპერიის წინააღმდეგ ბრძოლას, რის გამოც იყვნენ დევნილნი, გვემულნი და წამებულნი (მათ შორის არიან აწ უკვე წმიდანად აღიარებულნი კათოლიკოს-პატრიარქნი კირიონი (საძაგლიშვილი) და ამბროსი (ხელაია), ყოვლადსამღვდელო ნაზარი (ლეჟავა) და მრავალი სხვ.).
აღსანიშნავია ასევე, რომ ეს მოღვაწენი კარგად ერკვეოდნენ რუსეთის ისტორიასა და სარწმუნოებრივ ცხოვრებაში (სამეცნიერო შრომებიც კი აქვთ ამის შესახებ) და მათი მოსაზრებები ამ კუთხით დღესაც უაღრესად მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია; მათი ცხოვრება და მოღვაწეობა დაკავშირებული იყო გარუსების წინააღმდეგ ბრძოლასთან, როგორც საეკლესიო, ასევე სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე, მათი საეკლესიო, მოქალაქეობრივი და ცხოვრებისეული მრწამსის გათვალისწინება მით უფრო ყურადსაღებია!
(2). მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ აქვე მოკლედ შევეხოთ სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობის საკითხს. 2002 წლის 14 ოქტომბრიდან საქართველოში ეს ურთიერთობა რეგულირდება კონსტიტუციური შეთანხმებით საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალიურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის.
ჩვენი სახელმწიფო და ეკლესია ჯერ კიდევ ერთგვარ გარდამავალ ეტაპს გადის, და თუ როგორ გავივლით ამ ეტაპს, სწორედ ამაზე იქნება დამოკიდებული სახელმწიფოსა და ეკლესიის (და, შესაბამისად, მათი ურთიერთობის) ბედიც უახლოეს მომავალში.
თუმცა, ნამდვილად გვმართებს იმის ცოდნა, რომ არსებობს სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობის ე.წ. "რუსული მოდელი“, რომელიც ჩვენს ჩრდილოეთ სამეზობლოშია დამკვიდრებული. ეს მოდელი (რაოდენ მომხიბლველიც არ უნდა იყოს ის ვინმესთვის!), გვაჩვენებს, თუ როგორი მძიმე შედეგი შეიძლება დადგეს, როცა ეკლესია სახელმწიფოს ხელში ერთგვარ „ინსტრუმენტად“ იქცევა, და უწევს სახელმწიფოს მიერ წამოწყებული დამპყრობლური ომების ფსევდო-მორალური „გამართლება“, რაც აბსოლუტურ წინააღმდეგობაშია სამოციქულო ტრადიციასთან და, თავისი არსით, მისი საპირისპიროა. ეს, ამავდროულად, ნათლად გვიჩვენებს იმასაც, თუ რა საფრთხე შეიძლება დაემუქროს ეკლესიის თავისუფლების სახარებისეულ პრინციპს.
მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკისა (სახელმწიფოს) და რელიგიის (ეკლესიის) მთავარი ზრუნვის ობიექტი არის ადამიანი, ფუნქციურად ისინი იმდენად სხვაობენ ერთმანეთისგან, როგორც ცა და მიწა. შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის სამომავლო მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრისას აუცილებელია, რომ შესაბამისობაში დავრჩეთ წმიდა სამოციქულო ტრადიციასთან, და ვითარცა მართლმკვეთელნი, მართებულად აღვასრულებდეთ სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობის ერთ-ერთ მთავარ სახარებისეულ პრინციპს: „მიეცით კეისრისაჲ კეისარსა და ღმრთისაჲ ღმერთსა“ (მთ. 22,21). აქედან გამომდინარე, ეკლესიის კრიტიკული ხმა, მარად უნდა აფხიზლებდეს ქვეყნის ბედზე პასუხისმგებელ ადამიანებს; ეს არის მოკეთის კეთილისმყოფელი ხმა, „მოყვარეს პირში უძრახეს“ წმ. ილია მართლის მრწამსის მიხედვით, და ეს იმისთვის არის საჭირო, რომ სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ჯანსაღი ურთიერთობა მკვიდრობდეს.
(3). დღეს საქართველოში ჩვენს თვალწინ იბადება ახალი საზოგადოება; ეს ბუნებრივი, თუმცა კი ურთულესი პროცესია და მიუხედავად იმისა, რომ ბევრ რამეს ახლა ვსწავლობთ და შესაძლოა, ეს პროცესი ერთგვარ შიშსაც კი აღძრავდეს საზოგადოების გარკვეულ ნაწილში, მიგვაჩნია, რომ მოქალაქეების მიმართ ძალადობა, მათი დარბევა და დასახიჩრება დაუშვებელია, მით უფრო, თუ ეს მოქალაქენი ქვეყნის კონსტიტუციის ფარგლებში იბრძვიან თავისი სამოქალაქო უფლებებისა და უკეთესი მომავლისთვის; ადამიანის ღვთივბოძებული თავისუფალი ნების ჩახშობისკენ მიმართული ნებისმიერი მცდელობა არის ძალადობა ადამიანის მიმართ. ადამიანის თავისუფალი ნების მიმართ ხელშეუხებლობა კი არის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი ქრისტიანული აზროვნებისა, ამასთანავე, ის წარმმართველი პრინციპია უძველესი ქართული კულტურისა. ეს პრინციპი უნდა დაედოს საფუძვლად ჩვენი საზოგადოების სიცოცხლისუნარიანობასა და განვითარებას. ქრისტიანული მრწამსი ჩვენ გვავალებს, რომ ამ პრინციპის უგულებელყოფის შემთხვევაში ხმა ავიმაღლოთ და ვამხილოთ კიდეც ძალადობა!
საზოგადოება ცოცხალი ორგანიზმია და მისი თავისუფალი განვითარების ხელოვნური შეჩერება-შეკავება დიდხანს შეუძლებელია, რადგან ის სიცოცხლის მახასიათებელი ბუნებრივი პროცესია. თავისუფლების მარად ცოცხალი და აქტიური ნაკადი, სადაც კი გამოთავისუფლების გზას იპოვის, სწორედ იქ ამოხეთქავს!
ღმერთს შევთხოვთ, რომ დალოცოს და დაამშვიდოს სრულიად საქართველო!
ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ და თქვენი ოჯახები!
დაე, ბეთლემის ვარსკვლავმა გვიწინამძღვროს მადლის სამყაროსკენ!
ჩვენთან არს ღმერთი!
გრიგოლი
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი
25 დეკემბერი, 2024 წელი.