რუსების სურვილი იყო, ეს დაზიანებული თვითმფრინავი კასპიის ზღვაში ჩამოვარდნილიყო და კვალი წაშლილიყო, მაგრამ თვითმფრინავმა რაღაცნაირად მაინც მიაღწია ყაზახეთამდე, - ამის შესახებ ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი სოციალურ ქსელში აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით წერს.

მისივე თქმით, ცალკე გასარკვევი საკითხია, ითხოვა თუ არა თვითმფრინავმა თბილისის აეროპორტში დაჯდომის უფლება და თუ ითხოვა, რა პასუხი მიიღო.

"ბევრი კითხულობს, თუ როგორ აღმოჩნდა ბაქოდან გროზნოსკენ მიმავალი თვითმფრინავი ყაზახეთში.
ამაზე პასუხი რამდენადაც მარტივია, იმდენად შემზარავია:

საქმე იმაშია, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიერ თვითმფრინავის დაზიანების შემდეგ პილოტებმა ითხოვეს რომელიმე ახლომახლო აეროპორტში დაჯდომის ნებართვა;

რუსებმა არ გასცეს ასეთი ნებართვა არც მახაჩკალაში, არც ვლადიკავკავკაზში და არც ნალჩიკში, სადაც იყო შანსი, რომ დაზიანებები გადაეღოთ ტელეფონით, რითაც გამოჩნდებოდა რუსეთის სახელმწიფოს მიერ ჩადენილი დიდი დანაშაული;

რუსების სურვილი იყო, ეს დაზიანებული თვითმფრინავი კასპიის ზღვაში ჩამოვარდნილიყო და კვალი წაშლილიყო, მაგრამ თვითმფრინავმა რაღაცნაირად მაინც მიაღწია ყაზახეთამდე და იქ კი ვნახეთ, რაც მოხდა;

ცალკე გასარკვევი საკითხია, ითხოვა თუ არა ამ თვითმფრინავმა თბილისის აეროპორტში დაჯდომის უფლება და თუ ითხოვა, რა პასუხი მიიღო. რუკაზე ერთი დახედვითაც ჩანს, რომ გროზნოდან თბილისამდე უფრო ახლოა, ვიდრე ყაზახეთამდე. ჩვენთვის ამ საკითხის გარკვევაა მნიშვნელოვანი", - წერს ბატიაშვილი.

აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის განცხადებით, ბოლო მონაცემებით, 25 დეკემბრის ავიაკატასტროფას სამგზავრო ლაინერის 67 მგზავრიდან 32 გადაურჩა. დაშავებულთა ნაწილის მდგომარეობა მძიმეა. ისინი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებიან. აზერბაიჯანული ავიაკომპანიის კუთვნილი თვითმფრინავის ბორტზე სულ 67 ადამიანი იმყოფებოდა, აქედან 62 მგზავრი და ეკიპაჟის ხუთი წევრი.

უკვე აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოვარდნა შესაძლოა, რუსულ საჰაერო თავდაცვის სისტემას გამოეწვია.

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოსთან არსებული დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრის ხელმძღვანელის ანდრეი კოვალენკოს განცხადებით, რუსებმა საზენიტო-სარაკეტო სისტემის გამოყენებით აზერბაიჯანული სამგზავრო თვითმფრინავი დააზიანეს, რის შემდეგაც თვითმფრინავი ჩამოვარდა.

მისი თქმით, რუსეთს დრონების შესაძლო თავდასხმის დროს გროზნოს საჰაერო სივრცე უნდა დაეკეტა, მაგრამ ეს არ გააკეთა. შედეგად, თვითმფრინავი დაზიანდა და ყაზახეთში გაგზავნეს, ნაცვლად იმისა, რომ გროზნოში დაშვების უფლება მიეცათ და ადამიანების სიცოცხლე გადაერჩინათ.