2012 წლის გამოცდილებამ გვაჩვენა,რამდენად მძიმე შედეგი შეიძლება მოჰყვეს ძალადობის უგულებელყოფას, ან დამალვას! მოვუწოდებ შესაბამის უწყებებს, დაუყოვნებლივ დაიწყოს მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი და გამჭვირვალე გამოძიება!, - ამის შესახებ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი მეუფე გიორგი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ამ საქმეში მთავარი უნდა იყოს სიმართლის დადგენა და დაზარალებული ადამიანის უფლებებისა და ღირსების დაცვა ყოველგვარი ზეწოლის, დამალვის ან ანგარიშსწორების გარეშე.

“მინდა გამოვეხმაურო პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმრის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ გავრცელებული ინფორმაციას. ფაქტი უკიდურესად შემაშფოთებელია და დაუყოვნებლივ, სრულყოფილ და მიუკერძოებელ გამოძიებას მოითხოვს.

თითოეული ადამიანი შექმნილია ღვთის ხატად და მსგავსად და პატიმრობა არ ნიშნავს ადამიანის ღირსებისა და ფუნდამენტური უფლებების შელახვას.სახარებაში ქრისტე მაცხოვარი ბრძანებს : “საბყრობილესა ვიყავ,და მოხვედით ჩემდა.”(მათე25:36.)ბოროტებაზე დუმილი და უმოქმედობა თანამოზიარედ აქცევს საზოგადოებას!ნებისმიერ პირს, მათ შორის თავისუფლებააღკვეთილ ადამიანს, აქვს უფლება იყოს დაცული ძალადობის, დამცირებისა და არაადამიანური მოპყრობისგან.

თუ პატიმრის მიერ გაკეთებული განცხადებები დადასტურდება, საქმე გვექნება ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევასთან და შესაბამისმა პირებმა უმკაცრესად უნდა აგონ პასუხი. არცერთ ხელისუფლებას, მიუხედავად მისი ძალაუფლებისა, არ აქვს უფლება გადააბიჯოს ადამიანის ღირსებას.

მოვუწოდებ შესაბამის უწყებებს, დაუყოვნებლივ დაიწყოს მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი და გამჭვირვალე გამოძიება!

ამ საქმეში მთავარი უნდა იყოს სიმართლის დადგენა და დაზარალებული ადამიანის უფლებებისა და ღირსების დაცვა ყოველგვარი ზეწოლის, დამალვის ან ანგარიშსწორების გარეშე.

2012 წლის გამოცდილებამ გვაჩვენა, რამდენად მძიმე შედეგი შეიძლება მოჰყვეს ძალადობის უგულებელყოფას, ან დამალვას!" - წერს მეუფე გიორგი.