თბილისში ცნობილი ქართველი ფოლკლორისტის, ლოტბარის, მომღერლის, პუბლიცისტისა და მეცნიერის ანზორ ერქომაიშვილის მემორიალური დაფა გაიხსნა.

მემორიალური დაფა კრწანისის რაიონში, აბანოს ქუჩა N23-ში მდებარე საცხოვრებელ სახლზე განთავსდა, სადაც ანზორ ერქომაიშვილი 1988-2021 წლებში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა.

ანზორ ერქომაიშვილი 1968 წლიდან იყო ვოკალურ ანსამბლ „რუსთავის“ ხელმძღვანელი. გამოცემული აქვს მის მიერვე ჩაწერილი და გაშიფრული ქართული  ხალხური სიმღერები. გამოსაცემად მოამზადა კრებული „გურული ხალხური სიმღერები“.

მიღებული აქვს ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი და თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება. ასევე, მიღებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის პრემია, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია, ილია ჭავჭავაძის სახელობის პრემია, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის პრემია, იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია, ალბერტ შვაიცერის სახელობის პრემია.

მემორიალური დაფის გახსნას ესწრებოდნენ: საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე თბილისის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები.