წმინდა სინოდმა პატრიარქის მიერ დადგენილი მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრედ დაამტკიცა, - ამის შესახებ ხალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა, თეოდორემ ჭუაძემ წმინდა სინოდის განჩინების წაკითხვისას განაცხადა.

მისივე თქმით, წმინდა სინოდმა ასევე დაადგინა, რომ შეიქმნას დამკრძალავი კომისია და კომისიის შემადგენლობაც დააკონკრეტა.

"წმინდა სინოდის სხდომა მოწვეული იქნა სამწუხარო მიზეზით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პარტიარქ ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. წმინდა სინოდის სხდომა გახსნა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ. თავის სიტყვაში მეუფე შიომ სამძიმარი გამოუცხადა წმინდა სინოდის წევრებს და გაიხსენა კათოლიკოს-პატრიარქის ლია მეორის მრავალწლიანი ღვაწლი ერისა და ეკლესიის წინაშე.

ამის შემდეგ მან დააყენა საკითხი ეკლესიის მართვა-გამგეობასთან დაკავშირებით, მომავალი პატრიარქის არჩევა. აზრი გამოთქვა უხუცესმა მღვდელთმთავარმა, მანგლელმა მიტროპოლიტმა ანანია ჯაფარიძემ და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ, წაკითხულ იქნა საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების მეოთხე თავის მეოთხე პარაგრაფი. სინოდმა დაამტკიცა პატრიარქის მიერ დადგენილი მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო სრულიად კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრედ.

წმინდა სინოდმა ასევე დაადგინა: შეიქმნას დამკრძალავი კომისია შემდეგი შემადგენლობით: სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო, ჭიათურის და საჩხერის მიტროპოლიტი დანიელი, ამბა-ალავერდელი მიტროპოლიტი დავით, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე, ხონისა და სამტრედიისა მიტროპოლიტი საბა, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე, გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია, არგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მექლისედეკი, სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი სვიმეონე, წალკელი ეპისკოპოსი გრიგოლი, საქართველოს ეკლესიის პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ანდრია ჯაღმაიძე, არქიმანდრიტი კირიონი.

დაკრძალვის თარიღად დადგინდა 2026 წლის 22  მარტი, კვირა. დაკრძალვის ადგილად პატრიარქის სურვილის გათვალისწინებით, განისაზღვრა თბილისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის სიონის საპატრიარქო ტაძარი. 

გვეუფლება სასოება იმისა, რომ მისი ლოცვა კვლავაც გაგვაძლიერებს სულიერად და განგვინათებს გონებას, რათა გავაგრძელოთ სვლა მის მიერ გაკვალულ  სამეუფეო გზაზე და უახლოეს მომავალში მივაღწიოთ ქვეყნის გამთლიანებასა და აღორძინებას. 

დღეს პატრიარქისადმი ჩვენი სიყვარული უნდა გამოვლინდეს მისი მრავალწლიანი შეგონებების აღსრულებაში. უპირველესად, ღვთისა და მოყვასის წინაშე საკუთარი ცოდვების აღიარებაში, მიტევებასა და შერიგებაში. ქრისტისმიერი სიყვარულის აღორძინებით ჩვენ შევძლებთ ქვეყანაში მშვიდობიანი თანაარსებობის დამკვიდრებას და საზოგადოების გამთლიანებას.

გავაგრძელოთ სვლა ჩვენი წინაპრების მიერ გაკვალულ გზაზე, რომელთან დაბრუნებაშიც შეუფასებელია ისტორიული როლი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის.

წმინდათა თანა განუსვენოს უფალმა ახლადშესვენებულსა დიდსა მეუფესა მამასა ჩვენსა ილიას და დაუმკვიდროს მას სასუფეველი ცათა. ამინ!“, – განაცხადა მიტროპოლიტმა თეოდორემ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. პატრიარქს სიონის საკათედრო ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ.

საქართველოში გლოვაა გამოცხადებული.