იტალიაში მიმდინარე 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში კონსტანტინე პეტრიაშვილი (97 კგ) და დავით ჭეჭელაშვილი (79 კგ) ოქროს მედლის მფლობელები გახდნენ. ორივე მათგანმა საკუთარი მეტოქე 10:0 დაამარცხა და ტურნირი დამსახურებულად მოიგო.

ფინალაში დამარცხდა ნიკა ზანგალაძე (57 კგ) და ვერცხლის მედალს დასჯერდა. დღესვე ფინალურ ბლოკში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა გოგა ოთინაშვილმა (70 კგ).

რამდენიმე დღის წინ დასრულებულ 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრებმა სამი ოქროსა და ოთხი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ჩემპიონები ალექსანდრე რუსიტაშვილი, ანრი ფუტკარაძე და ლუკა ქოჩალიძე გახდნენ. ბრინჯაოს მედლები კი ვახტანგ ლოლუამ, ანრი ხოზრევანიძემ, კობა ქარუმიძემ და საბა ფურცელაძემ მოიპოვეს.

საქართველოს ნაკრებმა ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში სამი ოქროსა და ოთხი ბრინჯაოს მედლით კონტინენტის პირველობაზე გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.