სუსის მიერ, თანაინვესტირების ფონდის ყოფილი თავმჯდომარის გიორგი ბაჩიაშვილის დაკავების შესახებ გავრცელებული ვერსია სრული სიყალბეა. ინფორმაცია ამის შესახებ "ფორმულას" გადაცემა "დროებას" სანდო წყარომ გაანდო.

კერძოდ, ბაჩიაშვილი არა 26 მაისს ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთთან გადაადგილებისას, არამედ 2 დღით ადრე, 24 მაისს აბუ-დაბიში დააკავეს.

წყაროს ცნობით, ის 27 მაისს ქართული ავიაკომპანიის კუთვნილი ბორტით, პირდაპირი რეისით ჩამოიყვანეს თბილისის აეროპორტში. ხოლო ბორტზევე მას სუსის წარმომადგენლები დახვდნენ.

წყარომ "დროებას" ასევე უთხრა, რომ დაკავების მომენტში ბაჩიაშვილის ე.წ მწვანე სასაზღვრო ზოლში ყოფნა შეუძლებელი იყო.

"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში 2025 წლის 26 მაისს განხორციელებული ანონიმური შეტყობინებით ცნობილი გახდა, რომ წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ გადაადგილდებოდა წითელი ცირკულარით ძებნილი და მსჯავრდადებული საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის ორმაგი მოქალაქე გიორგი ბაჩიაშვილი.

გატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად ზემოაღნიშნული პირი დაკავებულ იქნა", - წერია უწყების განცხადებაში.

***

4 მარტს გიორგი ბაჩიაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მან "სისტემაში არსებული ხვრელებისა და ადამიანების" დახმარებით, საქართველო დატოვა. აღნიშნულ პოსტში იგი საუბრობდა საფრთხეებზე, რომლებიც მას ციხეში მოხვედრის შემთხვევაში დაემუქრებოდა.

სასამართლომ მას 10 მარტს ბიტკოინების საქმეზე თავისუფლების 11 წლით აღკვეთა მიუსაჯა. პირველ მაისს გახდა ცნობილი, რომ სასამართლომ მას ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილისთვის დამატებით 9 000-მდე ბიტკოინის გადახდა დააკისრა.

ბაჩიაშვილი 2013-2019 წლებში თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი იყო, ამჟამად კი მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარის პოზიციას იკავებს.

პროკურატურა მას 39 მილიონი დოლარის მითვისებას ედავება.

პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა 2015 წლის ზაფხულში, მის მიერ პირადად მობილიზებული და ინვესტორის მიერ გადაცემული თანხებით კრიპტოვალუტა - ბიტკოინის გამომუშავება/მაინინგში ინვესტიცია განახორციელა.

სასამართლომ ბაჩიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 2.5 მილიონი ლარი შეუფარდა.

25 თებერვალს საქართველოს პროკურატურამ თანაინვესტირების ფონდის ყოფილ გენერალურ დირექტორს, გიორგი ბაჩიაშვილს ახალი ბრალი წარუდგინა - სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობის ფაქტზე.

პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი ბაჩიაშვილს ბრალი საქართველოს სსკ-ის 2201-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინა, რაც სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია.