19 ოქტომბერს, ორშაბათს, იწყება წინასასამართლო სხდომა ირაკლი ღარიბაშვილის ახალ შეთითხნილ ქრთამის აღების საქმეზე. ვიწყებთ სამართლებრივ დავას, რომელიც სამართლიანი, მიუკერძოებელი, პოლიტიკური წნეხისგან თავისუფალი სასამართლოს პირობებში, აუცილებლად გამამართლებელი განაჩენით უნდა დასრულდეს! - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ყოფილი პრემიერის ადვოკატი ლილი გელაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"რატომ? საზოგადოებას აქამდე უწევდა მხოლოდ ბრალდების ვერსიის მოსმენა, რეალურად კი სულ სხვა მოცემულობაა. ბრალდების მხარემ გაგვიცვალა სრულად ს/სამართლის საქმის მასალები და 48 ტომ საქმეში, კი, ნამდვილად 48 ტომ საქმეში, ირაკლი ღარიბაშვილის ბრალის მადასტურებელი მხოლოდ მხეიძის ირიბი და ბურჭულაძის მიცემული ჩვენებაა და ისიც არასრულყოფილი!!! არ ვაჭარბებ!
მაშინ, როცა ბრალდების მხარის ვერსიაში საკვანძო როლს მხოლოდ ერთი პირდაპირი მოწმის ჩვენება ასრულებს, საზოგადოებამ უნდა იცოდეს: რას ადასტურებს ეს ჩვენება? არსებობს თუ არა მისი დამადასტურებელი დამოუკიდებელი მტკიცებულებები? რამდენად თანმიმდევრულია ჩვენება და რა ინტერესები შეიძლება ჰქონდეს თავად მოწმეს?
საქმის არსებითი განხილვის დროს აუცილებლად გაეცემა ამ კითხვებს პასუხი, მაგრამ ერთი ხომ უკვე ცხადია?
დასახელებულმა მსჯავრდებულებმა, ი.ღარიბაშვილზე ხელის დადებით, ფაქტობრივად თავისუფლება იყიდეს: 10 წლით თავისუფლების აღკვეთა გაუმესამედეს და ზოგიერთმა საპატიმროც დატოვა!
მსგავსი "გარიგებული მართლმსაჯულება" ხომ პირდაპირი დასტურია იმისა, რომ საქმე გვაქვს არა კანონის უზენაესობასთან, არამედ პოლიტიკურ შეკვეთასთან.
სწორედ ამ გარემოებაზე და არა მხოლოდ ამ გარემოებაზე დაყრდნობით ჩნდება მთავარი კითხვა: რეალურად რა დგას ამ საქმის უკან, სამართლებრივი საფუძვლები თუ პოლიტიკური ანგარიშსწორება???
დარწმუნებული ვარ, დღეს, მიმდინარე მოვლენების ფონზე, არ არსებობს ადამიანი, ვისაც საღი აზროვნების უნარი აქვს (მადლობა ღმერთს, ასეთი უმრავლესობაა), ამ კითხვაზე პასუხი არ ჰქონდეს!
ჩემი პოსტის მიზანი არ არის სამართლებრივი საკითხების დეტალური გარჩევა, მით უფრო, რომ წინ გვაქვს მნიშვნელოვანი სასამართლო პროცესები, მაგრამ საზოგადოებას მინდა შევახსენო რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოება:
- ჯერ კიდევ ი. ღარიბაშვილის დაკავებამდე გენერალურმა პროკურატურამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტარდებოდა ჩხრეკები სხვადასხვა პირთან და დაასახელა მათ შორის ღარიბაშვილის გვარი, შემდეგ კი საზოგადოებას საგამოძიებო ორგანომ საჯაროდ აჩვენა ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნივთები, მათ შორის
ოქროს ზოდები და სხვადასხვა ძვირფასეულობა და არ მიუთითა კონკრეტული სახელები, თუ ვისი სახლიდან ამოიღეს.
ეს იყო არა შეცდომა, არამედ შეგნებულად, დავალებით გასაჯაროებული კადრები, გათვლა იმაზე, რომ საზოგადოება ირაკლი ღარიბაშვილს სახელს დაუკავშირებდა და გააღიზიანებდა ხალხს და ასეც მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ ადვოკატებმა დავწერეთ ამის შესახებ, ტალახი უკვე ნასროლი იყო! ზოგიერთი "ვაიმჩხიბავი" დღემდე თუთიყუშივით იმეორებს სისულელეს.
ანუ, რა გამოდის?
თუ საქმის მასალებით დასტურდება, რომ ღარიბაშვილის საცხოვრებელში ოქროს ზოდები არ ამოუღიათ, მაშინ სრულიად კანონიერია კითხვა: რატომ შეიქმნა საზოგადოებაში ასეთი ასოციაცია? ვინ გაავრცელა ინფორმაცია, რა კონტექსტში და რატომ არ მოხდა ფაქტების მკაფიო გამიჯვნა? ეს ხომ არ იყო მედიის შეცდომა, ეს კადრები ხომ თვითონ საგამოძიებო ორგანომ გაავრცელა? ვისი დავალებით?
პასუხი მარტივია!
- შემდეგ იყო ბრალის წარდგენა, დაკავება და თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით. ამ საკითხზე დაწერა თვითონ ბატონმა ირაკლიმ და მე აღარ გავშლი, მაგრამ ერთია: მან ეს გააკეთა იმ გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე, რომლის პრემიერიც თვითონ იყო ორჯერ და უპირველესად ბატონი ბიძინა ივანიშვილის გამო. ის თვლიდა, რომ მის მიერ სრული სიმართლის თქმა და რაიმე განცხადება, საზოგადოების მხრიდან შეიძლებოდა აღქმულიყო მოღალატეობრივ ნაბიჯად!
მაგრამ დრომ აჩვენა, რომ იმავე გუნდმა ის გაწირა!
- ამ პოლიტიკური დევნისა და მორალური ზეწოლის ყველაზე გარყვნილ გამოვლინებას წარმოადგენდა ის ფაქტი, როდესაც ციხეში მყოფ ღარიბაშვილს წერილი შეუგზავნეს. ირაკლიმ გამოაქვეყნა ეს წერილი, რომელშიც ახალი, ყურადღებას ვამახვილებ, ახალი, ჯერ არ არსებული ბრალის აღიარებას სთხოვდნენ, რათა გადაეზღვიათ 1% ალბათობაც კი მისი პოლიტიკაში მობრუნებისა!
ამ წერილს დავურთავ ჩემს პოსტს და აქვე გამოვყოფ რამდენიმე მნიშვნელოვან გარემოებას: წერილი შეუგზავნეს ამა წლის ივლისის თვეში; ამ პერიოდისთვის მხეიძეც, ტუკვაძეც და ბურჭულაძეც დაკითხულებიც არიან და განაჩენიც არის დამდგარი; მათ არაფერი უთქვამთ ღარიბაშვილიზე ქრთამის მიცემაზე. ისინი, საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ დაიკითხნენ აგვისტოს თვეში (18-21 აგვისტოს); საინტერესოა, ივლისის თვეში საიდან უნდა სცოდნოდა მამუკა მდინარაძეს, (ირაკლიმ დაწერა საჯაროდ, რომ წერილი მდინარაძემ შეუგზავნა), რომ ბურჭულაძე აგვისტოს თვეში ღარიბაშვილზე ჩვენებას მისცემდა??? მე რომ არ ვუპასუხო, თქვენც ხომ ხვდებით, პატივცემულო მკითხველო?
და საერთოდ: როგორ მოხდა, რომ, როცა ირაკლი ღარიბაშვილმა, საჯაროდ, სოციალური ქსელით გამოაქვეყნა წერილი და დაასახელა კონკრეტული პიროვნება, მაღალი თანამდებობის პირი - მამუკა მდინარაძე წერილის ავტორად, წერილის, რომლის შინაარსიც დანაშაულებრივ ნიშნებს შეიცავდა, რატომ არ დაიწყო გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება? იქნებ ცილს წამებდა ღარიბაშვილი? გამოძიების დაწყება სასურველი კი არა, აუცილებელიც იყო, მით უფრო, რომ შემდგომში სიტყვა-სიტყვით ასრულდა წერილში მოყვანილი ყველა "ფაქტი"!
იმავე წერილში განა ერთმნიშვნელოვნად არ იკითხება, რომ რაიმე კორუფციული ქმედების გამოვლენა-აღკვეთა კი არ წარმოადგენდა მათ ინტერესს, არამედ ახალი მძიმე ბრალი, მხოლოდ საშუალება იქნებოდა ღარიბაშვილის პოლიტიკურად გასანეიტრალებლად, და რომ რეალურად ციხეში, პატიმრობაში მყოფი ყოფილი თანაგუნდელი ათზე რეიტინგული და მეტი ღირსების მატარებელი იყო. ხალხს ის უყვარდა, მათგან განსხვავებით და მისი სახელი მექრთამეობასთან და კორუფციასთან უნდა გაეგივებინათ. განა ეს არაა კლასიკური მაგალითი პოლიტიკური ნიშნით დევნისა???
განა მისი ოჯახის წევრების სამსახურებიდან დათხოვნა სხვა დატვირთვის მატარებელია? და რომ მცირეწლოვან შვილებთან პაემანს უუქმებენ, ჰუმანურობის გამოხატულებაა???
და დღეს, როდესაც მმართველ გუნდში საკადრო და პოლიტიკური ცვლილებები მიმდინარეობს, მე ვსვამ კითხვებს: ვის ინტერესებს ემსახურებოდა ღარიბაშვილის პოლიტიკური განეიტრალება? ვის აძლევდა ხელს მისი რეპუტაციის განადგურება? არსებობდა თუ არა გუნდში ისეთი დაპირისპირება, რომლის ფონზეც სამართლებრივი საქმე პოლიტიკური ბრძოლის ინსტრუმენტად იქცა? ღარიბაშვილი იყო მხოლოდ მთავარი სამიზნე, თუ შემდეგ სხვისი დრო დადგებოდა? ვინ არის ის სხვა? განა ეს კითხვები ლეგიტიმური არაა? ან მათზე პასუხის გაცემა რთულია???
და ბოლოს:
ყველა იმ საჯარო პირს, ხელისუფლების წარმომადგენელს მინდა მივმართო, ვინც ორკესტრირებულად, დავალებით გაკეთებულ ტექსტებში წერილების პათოსს და კაცობას უწუნებთ ირაკლი ღარიბაშვილს და მიშა სააკაშვილს ადრით, ერთი თქვენ წადით ციხეში უჩუმრად, მრავალი წლით, აბსურდული ბრალდებებით, ზურგში თანაგუნდელების მხრიდან მახვილის ჩაცემით და მერე იკაცეთ, და მერე დაედარეთ მიშას, მით უფრო, რომ სწორედ ისინი იღებთ ხმას და გაყვირით, ვისი სახელებიც არ გვახსოვს 2012 წლამდე, უფრო მეტიც, "ქართულ ოცნებაშიც" ბოლო არჩევნების მერე ჩნდებით და ბედავთ და თითს უქნევთ ადამიანს, ვისი ოჯახის წევრებიც წინა ხელისუფლებას მძევლებად ჰყავდა ციხეში ერთი მოთხოვნით: უარყავით და გაერიდეთ ბიძინა ივანიშვილსო!
აი, თქვენ ნამდვილად არ ხართ არც ბიძინა ივანიშვილის, არც "ქართული ოცნების" და არც იმ ხალხის ერთგული, ვინც საკუთარ მხრებზე გამოცადა მწარე მათრახი წინა ხელისუფლებისა. სწორედ თქვენ ანგრევთ და შიგნიდან შლით ნამდვილ, ღირსეულ, უმრავლესობაში მყოფ ხალხის არჩეულ "ქართულ ოცნებას"!
19 ოქტომბერს წინასასამართლო პროცესია! ამით დავიწყე და ამით დავასრულებ! მე აღარ მინდა ავადსახსენებელი 37-იანი წლები, სამართალწაგვრილი 9-წლიანი რეჟიმიც და მინდა მჯეროდეს, რომ ტყუილად არ გვიბრძოლია დამოუკიდებელი სასამართლოსთვის. მე მინდა მიუკერძოებელი, პოლიტიკური ზეწოლისგან თავისუფალი მოსამართლე, რომელიც ერთი, თავისუფლებაში გაცვლილი ჩვენებით არ დაადგენს გამამტყუნებელ განაჩენს! მე მინდა სასამართლო, რომელიც არა ირაკლი ღარიბაშვილს, არამედ საკუთარ თავს, საკუთარ ინსტიტუციას არ გამოუტანს განაჩენს! მე მინდა სამართლებრივი სახელმწიფო!!! განა ეს ბევრია???" - წერს გელაშვილი.
