20-ზე მეტმა ქვეყანამ გამოთქვა მზადყოფნა, ჰორმუზის სრუტეში უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფაში წვლილი შეიტანოს, - ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანეთის მთავრობა ავრცელებს.

განცხადების თანახმად, 22 ქვეყანა, მათ შორის ევროპული ქვეყნები, ასევე არაბთა გაერთიანებული საამიროები და ბაჰრეინი, გმობენ ირანის მიერ "სპარსეთის ყურეში შეუიარაღებელ სავაჭრო გემებზე, სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმებს, ასევე ჰორმუზის სრუტის ფაქტობრივ დახურვას".

"ჩვენ გამოვთქვამთ მზადყოფნას, წვლილი შევიტანოთ სრუტეში უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველსაყოფად შესაბამის ღონისძიებებში", - აღნიშნულია განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ ეს განცხადება 19 მარტს გამოქვეყნდა. თუმცა, იმ დროს ეს იყო გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, ნიდერლანდების და იაპონიის ერთობლივი მიმართვა. დღეს, 21 მარტს, ლიდერების განცხადებას შეუერთდნენ კანადა, კორეის რესპუბლიკა, ახალი ზელანდია, დანია, ლატვია, სლოვენია, ესტონეთი, ნორვეგია, შვედეთი, ფინეთი, ჩეხეთი, რუმინეთი, ბაჰრეინი, ლიეტუვა, ავსტრალია და არაბთა გაერთიანებული საამიროები.

დღეს აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მეთაურმა, ადმირალმა ბრედ კუპერმა განაცხადა, რომ ვაშინგტონმა გაანადგურა ირანის სარადარო ბაზა და სადამკვირვებლო პუნქტები, რომლებიც ჰორმუზის სრუტის მონიტორინგისთვის გამოიყენებოდა. მისივე თქმით, რეგიონში გადაზიდვები ახლა უფრო უსაფრთხო იქნება.