ავსტრიის კანცლერი კარლ ნეჰამერი თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ მან მას შემდეგ განაცხადა, რაც ავსტრიაში ულტრამემარჯვენე „თავისუფლების პარტიის“ გარეშე კოალიციის ფორმირების შესახებ მოლაპარაკებები ჩავარდა.

"უახლოეს დღეებში მე გადავდგები, როგორც კანცლერი და „სახალხო პარტიის“ ლიდერი და უზრუნველვყოფ მოწესრიგებულ გარდამავალ პერიოდს“, – აღნიშნულია ავსტრიის კანცლერის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში.

მანამდე მოლაპარაკებებიდან ლიბერალური პარტია Neos გავიდა, თუმცა „სახალხო პარტიამ“ და „სოციალ-დემოკრატებმა“ მოლაპარაკებები უშედეგოდ გააგრძელეს.

მას შემდეგ, რაც სექტემბერში გამართულ არჩევნებში გამარჯვება ულტრამემარჯვენე „თავისუფლების პარტიამ“ მოიპოვა, ლიბერალური პარტია Neos, „სახალხო პარტია“ და „სოციალ-დემოკრატები“ სამპარტიული მმართველი კოალიციის ფორმირებას ცდილობდნენ.