ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ვენესუელის დედაქალაქ კარაკასზე თავდასხმების სერია დაიწყო. აფეთქებების ხმა მთელ ქალაქში ისმოდა. ნიკოლას მადურომ ვენესუელაში საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

ვენესუელას დედაქალაქში აფეთქებების სერია დღეს დილით დაიწყო. არსებული ინფორმაციით, კარაკასის სამხრეთი ნაწილი, კერძოდ, დიდი სამხედრო ბაზის მიმდებარე ტერიტორია ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

ადგილობრივი მცხოვრებლებისა და მედიის ცნობით, ქალაქში სულ მცირე შვიდი აფეთქების ხმა გაისმა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შეერთებულმა შტატებმა ვენესუელას პარლამენტის შენობას და თავდაცვის მინისტრის სახლს დაარტყა.

გავრცელებული ცნობით, ასევე, დაიბომბა კარაკასის მთავარი სამხედრო ბაზა ფუერტე ტიუნა, კარაკასის მთავარი ავიაბაზა ლა-კარლოტა, სასიგნალო ანტენა ელ-ვოლკანი.

ადგილობრივებმა ასევე განაცხადეს დარტყმის შესახებ ვარგასის შტატში, ლა გუაირას საზღვაო ბაზაზე, სადაც საზღვაო აკადემია მდებარეობს. დარტყმები ასევე დაფიქსირდა კარაკასის პორტსა და კარიბის ზღვის კუნძულ მარგარიტაზე, სადაც სამხედრო ინფრასტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილია კონცენტრირებული.

ვენესუელამ მომხდარს უწოდა სამხედრო აგრესია შეერთებული შტატებიდან და გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა. ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ გამოაცხადა "საგანგებო მდგომარეობა“, ბრძანა ყოვლისმომცველი თავდაცვის სარდლობის განლაგება და ეროვნული თავდაცვის გეგმის განხორციელება.

ვენესუელის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა ასევე განაცხადა, რომ ქვეყანა აპირებს მიმართოს გაეროს უშიშროების საბჭოს, გაეროს გენერალურ მდივანს და ასევე იტოვებს თავდაცვის უფლებას.

მედიის ცნობით, მადუროს ამჟამინდელი ადგილსამყოფელი უცნობია.

თეთრ სახლს თავდასხმასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია. თუმცა, მანამდე, ამერიკულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ვენესუელის ტერიტორიის შიგნით დარტყმების განხორციელების ბრძანება გასცა. 

Wall Street Journal-ის ცნობით, თეთრი სახლი ვენესუელას შესახებ ოფიციალურ განცხადებას მას შემდეგ გააკეთებს, რაც აშშ-ის თვითმფრინავები მის საჰაერო სივრცეს დატოვებენ. ეს შეიძლება მიუთითებდეს, რომ ეს არის არა სრულფასოვანი სახმელეთო ოპერაცია, არამედ შეზღუდული საჰაერო დარტყმა ვენესუელაზე.