აშშ-ის პრეზიდენტთან არსებული ეროვნული უშიშროების საბჭომ ირანის მხრიდან ისრაელის წინააღმდეგ საჰაერო თავდასხმის დაწყების შესახებ განაცხადა. პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იწვევს საბჭოს წევრებს და მუდმივ კომუნიკაციაშია ისრაელის მხარესთან და მოკავშირეებთან, - ამის შესახებ თეთრი სახლის განცხადებაშია აღნიშნული.

ეროვნული უშიშროების საბჭო ვარაუდობს, რომ თავდასხმა სავარაუდოდ, რამდენიმე საათში განვითარდება.

"პრეზიდენტმა ბაიდენმა მკაფიოდ განაცხადა: ჩვენი მხარდაჭერა ისრაელის მიმართ მტკიცეა. შეერთებული შტატები დადგება ისრაელის ხალხის გვერდით და მხარს დაუჭერს მათ, რომ დაიცვან ირანის ამ საფრთხეებისგან“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ისრაელმა დაადასტურა, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით დრონები გაუშვა. პრემიერმა ნეთანიაჰუმ მოქალაქეებისადმი მიმართვაში აღნიშნა, რომ ისრაელი მზად არის ყველა სცენარისთვის და უპასუხებს.

განვითარებული მოვლენების ფონზე იორდანიამ საჰაერო სივრცე ჩაკეტა.

1 აპრილს ისრაელმა სირიაში დამასკოზე სარაკეტო შეტევა განახორციელა, რის შედეგადაც ირანის საკონსულოს შენობა განადგურდა. თავდასხმის შედეგად სულ მცირე შვიდი ირანელი დაიღუპა, მათ შორის ორი გენერალი.

თეირანმა თავდასხმაში თელ-ავივი დაადანაშაულა და "მკაცრ" პასუხს დაჰპირდა. ისრაელმა, თავის მხრივ, გააფრთხილა ირანი შედეგების შესახებ და გამოაცხადა IDF-ის გაზრდილი მზადყოფნა.