აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპმა მომხდარი სროლის შემდეგ სოციალურ ქსელში დაკავებულის ფოტოს აქვეყნებს და თავდამსხმელის შესახებ საუბრობს.

"საიდუმლო სამსახურმა და სამართალდამცავმა ორგანოებმა შესანიშნავად იმუშავეს. მათ სწრაფად და მამაცურად იმოქმედეს. მსროლელი დააკავეს და მე ვურჩიე, რომ „შოუ გაგრძელდეს“, თუმცა მთლიანად სამართალდამცავი ორგანოების მეთვალყურეობის ქვეშ. ისინი გადაწყვეტილებას მალე მიიღებენ. ამ გადაწყვეტილების მიუხედავად, საღამო დაგეგმილისგან განსხვავებული იქნება და ჩვენ, უბრალოდ, ცხადია, ამის გაკეთება ისევ მოგვიწევს“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

"მე შევისწავლე მკვლელობის მცდელობების ისტორია - ისინი ყოველთვის ყველაზე გავლენიან ადამიანებზე ხდება, როგორიცაა აბრაამ ლინკოლნი. ვინც არაფერს აკეთებს, მათ თავს არავინ ესხმის. ჩვენ ბევრი რამ გავაკეთეთ“, - განაცხადა ჟურნალისტებთან ტრამპმა.

აშშ-ში, თეთრი სახლის კორესპონდენტების ასოციაციის მიღებაზე, რომელსაც დონალდ ტრამპი ესწრებოდა, სროლა იყო. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი და თავდაცვის მდივანი. სროლის შემდეგ აშშ-ის კაბინეტის წევრების ევაკუაცია განხორციელდა. საიდუმლო სამსახურის აგენტებმა თავდამსხმელი დააკავეს. დაცვის ერთ-ერთ თანამშრომელს ახლო მანძილიდან ესროლეს, თუმცა ის ტყვიაგაუმტარმა ჟილეტმა დაიცვა; ოფიცერი თავს კარგად გრძნობს.

მედიის ინფორმაციით, სროლაში ეჭვმიტანილი 31 წლის კოულ ტომას ალენია - მასწავლებელი და ვიდეოთამაშების შემქმნელია. მამაკაცი ფოიეში იარაღითა და დანებით შეიარაღებული შეიჭრა და საიდუმლო სამსახურის აგენტის მისამართით გაისროლა, შემდეგ კი საბანკეტო დარბაზისკენ გაემართა. მედიის ცნობით, შეიარაღებული მამაკაცი "ჰილტონის“ სასტუმროს სტუმარი იყო და ის სასამართლოში ორშაბათს წარდგება. გავრცელებული ცნობით, ეჭვმიტანილი მარტო მოქმედებდა.

დანაშაულის ჩადენის მოტივი ამ დრომდე უცნობია.