აშშ-ის დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიების ცხრა სენატორმა პენტაგონს უკრაინაში Starlink-ისა და Starshield-ის სატელიტური სისტემების მუშაობის შეფერხებებთან დაკავშირებით დაუყოვნებლივი გამოძიების დაწყებისკენ მოუწოდა. კანონმდებლების განცხადებით, აღნიშნულმა ინციდენტებმა შესაძლოა, საფრთხე შეუქმნა ამერიკელი პერსონალის უსაფრთხოებას და შეასუსტა უკრაინის შესაძლებლობები, თავი დაეცვა რუსეთის სარაკეტო და უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელებული თავდასხმებისგან.

ინიციატივის ავტორები სენატორები ჯინ შაჰინი და ტომ ტილისი არიან. მიმართვას ასევე შეუერთდნენ დიკ დურბინი, სიუზან კოლინზი, ჯეკ რიდი, ჯონ კორნინი, კრის კუნსი, ლიზა მურკოვსკი და რიჩარდ ბლუმენტალი.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის გენერალური ინსპექტორის პლატ მორინგ III-ის სახელზე გაგზავნილ წერილში სენატორები ითხოვენ დადგინდეს, რა გახდა სისტემების მუშაობის შეფერხების მიზეზი, მონაწილეობდნენ თუ არა ამ პროცესში ამერიკელი ოფიციალური პირები ან სამხედრო კონტრაქტორები და არსებობდა თუ არა შესაბამისი გადაწყვეტილებების შესახებ წინასწარი ინფორმაცია აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის.

კანონმდებლების განსაკუთრებული შეშფოთება გამოიწვია გავრცელებულმა ცნობებმა, რომელთა თანახმად, უკრაინაში მყოფმა ამერიკელმა დიპლომატებმა, სამხედრო და უსაფრთხოების სფეროს თანამშრომლებმა რუსეთის საჰაერო თავდასხმების დროს დროულად ვერ შეძლეს თავშესაფრებში გადასვლა, რაც შესაძლოა, სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლისა და ადრეული გაფრთხილების სისტემების შეფერხებას უკავშირდებოდეს.

„განსაკუთრებით გვაშფოთებს შემთხვევები, როდესაც ამერიკელმა დიპლომატებმა, სამხედრო და უსაფრთხოების სფეროს თანამშრომლებმა რუსეთის საჰაერო თავდასხმების დროს ვერ შეძლეს განსაზღვრულ ბუნკერებამდე მიღწევა, სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლისა და ადრეული გაფრთხილების სისტემებში არსებული შეფერხებების ფონზე“, - აღნიშნულია სენატორების წერილში.

მიმართვის თანახმად, 2026 წლის 12-14 ოქტომბერს კომპანია SpaceX-ის Starlink-ის ტერმინალებზე დაწესებულმა გადაადგილების სიჩქარესთან დაკავშირებულმა შეზღუდვებმა, სავარაუდოდ, შეაფერხა უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების, სამხედრო თვითმფრინავებისა და ვერტმფრენების მუშაობისთვის აუცილებელი საკომუნიკაციო შესაძლებლობები.

კერძოდ, 14 ოქტომბერს უკრაინელი სამხედროების მიერ ჩატარებული ტესტირების შედეგად, გავრცელებული ინფორმაციით, კავშირის შეზღუდვები გამოვლინდა საათში დაახლოებით 101 კილომეტრზე მაღალი სიჩქარით გადაადგილებისას. ამასთან, სენატორების ცნობით, SpaceX-მა დაადასტურა მომსახურების შეზღუდვის არსებობა საათში 161 კილომეტრის სიჩქარეზე.

ამერიკელი კანონმდებლების შეფასებით, აღნიშნულ შეზღუდვებს შესაძლოა, უარყოფითი გავლენა მოეხდინა უკრაინის თავდაცვის ძალების შესაძლებლობებზე, განეხორციელებინათ თავდაცვითი ოპერაციები რუსეთის სარაკეტო და დრონებით შეტევების წინააღმდეგ, მათ შორის, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დასაცავად.

სენატორები ხაზს უსვამენ, რომ Starlink-ისა და Starshield-ის ეფექტიანად გამოყენებისთვის უკრაინას სჭირდება კავშირი გადაადგილების სიჩქარესთან დაკავშირებული შეზღუდვების გარეშე, რადგან, მათი განცხადებით, სწორედ ასეთი პირობებით სარგებლობდა ქვეყანა აღნიშნული შეზღუდვების დაწესებამდე.

წერილში ასევე დასმულია პენტაგონის პასუხისმგებლობის საკითხი კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკომუნიკაციო სისტემების უწყვეტი მუშაობის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით.

სენატორების ინფორმაციით, შესაბამისი მომსახურებების ნაწილი ხორციელდება აშშ-ის კოსმოსური ძალების მიერ ადმინისტრირებული კონტრაქტების ფარგლებში.

„ამ შესაძლებლობებზე ნებისმიერი შეზღუდვის დაწესება, განსაკუთრებით წინასწარი გაფრთხილების გარეშე, სერიოზულ კითხვებს აჩენს თავდაცვის დეპარტამენტის მხრიდან კონტრაქტების ზედამხედველობასა და კრიტიკულად მნიშვნელოვანი მომსახურებების უწყვეტობის უზრუნველყოფის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით“, - აცხადებენ სენატორები.

მიმართვის ავტორები მოითხოვენ დადგინდეს, გასცეს თუ არა ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა Starlink-ისა და Starshield-ის მომსახურების პირობების შეცვლის ბრძანება, დაამტკიცეს თუ არა შესაბამისი გადაწყვეტილებები ან ჰქონდათ თუ არა მათ წინასწარი ინფორმაცია მოსალოდნელი შეზღუდვების შესახებ.

გარდა ამისა, გამოძიებამ უნდა გაარკვიოს, არსებობდა თუ არა კავშირი სატელიტური კომუნიკაციების შეფერხებას და სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლის პრობლემებს შორის, ასევე, იყო თუ არა აღნიშნული მოვლენები ტექნიკური გაუმართაობის, კონტრაქტორების მოქმედებების ან მიზანმიმართული პოლიტიკური გადაწყვეტილებების შედეგი.

სენატორები ასევე ითხოვენ შემოწმდეს, მიიღეს თუ არა კიევში აშშ-ის საელჩომ, ამერიკელმა თანამშრომლებმა და უკრაინის ხელისუფლებამ დროული გაფრთხილება იმ შესაძლო ცვლილებების შესახებ, რომლებსაც პერსონალის უსაფრთხოებისა და თავდაცვითი ოპერაციების განხორციელებისთვის საფრთხის შექმნა შეეძლო.

განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა SpaceX-ის მოქმედებებს. კანონმდებლები ითხოვენ დადგინდეს, დამოუკიდებლად დააწესა თუ არა კომპანიამ Starlink-ის ან Starshield-ის მომსახურებაზე შეზღუდვები და შეესაბამებოდა თუ არა ეს გადაწყვეტილებები აშშ-ის მთავრობასთან გაფორმებული კონტრაქტების პირობებს.

ამასთან, სენატორები გენერალურ ინსპექტორს მოუწოდებენ, უზრუნველყოს ყველა შესაბამისი დოკუმენტის, ტექნიკური მითითების, კონტრაქტისა და სამსახურებრივი მიმოწერის შენარჩუნება, მათ შორის, პენტაგონს, SpaceX-სა და სხვა ამერიკულ უწყებებს შორის არსებული კომუნიკაციის მასალების.

„შეერთებული შტატების მთავრობას ფუნდამენტური ვალდებულება აქვს, დაიცვას საზღვარგარეთ მყოფი ამერიკელი პერსონალი. აქტიური საომარი მოქმედებების ზონაში სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლის, საფრთხეების შესახებ გაფრთხილების ან საკომუნიკაციო სისტემების მუშაობის შეფერხებას შესაძლოა, სიცოცხლისთვის საშიში შედეგები მოჰყვეს“, - აღნიშნულია წერილში.

სენატორების განცხადებით, თუ დადასტურდება, რომ ამერიკელი თანამშრომლების უსაფრთხოება საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა თავიდან აცილებადი შეფერხებების, არასათანადო კოორდინაციის ან საკუთარი მთავრობის გადაწყვეტილებების გამო, აუცილებელია დაუყოვნებლივი რეაგირება და პასუხისმგებელი პირების გამოვლენა.

ამერიკელმა კანონმდებლებმა პენტაგონის გენერალურ ინსპექტორს მოუწოდეს, დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება და არაუგვიანეს 2026 წლის 1 ნოემბრისა წარადგინოს წერილობითი ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ, ასევე პირველადი ანგარიში.