უკრაინამ საკუთარი თანამგზავრული სისტემის შექმნის პროცესი დაიწყო, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისივე თქმით, პირველი ნაბიჯები უკვე გადადგმულია - სამუშაოები დაიწყო.

ამ ეტაპზე, პრეზიდენტმა ახალი უკრაინული პროექტის შესახებ დამატებითი დეტალების გამჟღავნებაზე უარი განაცხადა, თუმცა ამ ფონზე, მან კიდევ ერთხელ შეახსენა მოკავშირეებს, რომ სამართლიანი იქნებოდა უკრაინისთვის Starlink-ის სატელიტური ინტერნეტის რუსეთის წინააღმდეგ დარტყმებისთვის გამოყენების ნებართვის მიცემა.

"რატომ არის ეს სამართლიანი? იმიტომ, რომ ჩვენ ვიცით, ზოგიერთი ქვეყანა რუსეთს შესაბამის ტექნოლოგიებს გაუზიარებს წლის ბოლოს, მომავალი წლის დასაწყისში“, - განაცხადა ზელენსკიმ.

როგორც მან აღნიშნა, უკრაინა მადლიერია იმ ტექნოლოგიებისთვის, რომლებსაც მისი პარტნიორები უზიარებენ, ეს კიევისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან რუსეთი კვლავ იღებს ჩინეთის მხარდაჭერას.